Baby Bag

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“ ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“  ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ახალბედა დედებში ძუძუთი კვების დროს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რძის არარსებობის პრობლემა დედების მხოლოდ 5%-ს აქვს:

„მხოლოდ 5 %-ში ფიქსირდება, რომ დედას არ აქვს რძე. ეს სიტუაცია მხოლოდ ექიმის მიერ ფასდება. დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს,“ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ან არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, პირველ რიგში, დედას. ფსიქოლოგიური სტრესი, ორსულობის შემდგომი სტრესი ან გარემო ფაქტორები, უამრავი რამ შეიძლება აფერხებდეს ლაქტაციის პროცესს. დედების მხოლოდ 5%-ს აქვს რეალურად, თანდაყოლილად რძის არარსებობა.

ნახეთქების გამოჩენა როგორც წესი დაკავშირებულია მკერდის დვრილის არასწორ პოზიციასთან ბავშვის პირის ღრუში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიაროშივე დაეხმაროს შესაბამისი პერსონალი დედას, რომ სწორად მოარგოს ბავშვი ძუძუს. შესაბამისად მოხდება ნახეთქებისა და დისკომფორტის პრევენცია.

ექვსი თვის ჩათვლით ექსკლუზიური ძუძუთი კვება არის უნივერსალური და შეუცვლელი. 6 თვის შემდეგ რაც უნდა კარგად იმატებდეს ბავშვი, აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში შემოვიდეს დამატებითი კვება. პირველ რიგში, ეს იქნება მარცვლეული, ბოტნეული, ხორცი. რა თქმა უნდა, უნდა შევიტანოთ ხილიც. 6 თვის შემდეგ მხოლოდ ბუნებრივი კვება, რაც უნდა კალორიული იყოს ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნებს,“- მოცემულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლებელია, ბავშვებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩეთ ქრონიკული ხველა. ამ ბავშვების შეფასება არის აუცილებელი,“ - ივანე ჩხაიძე

„შესაძლებელია, ბავშვებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩეთ ქრონიკული ხველა. ამ ბავშვების შეფასება არის აუცილებელი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი ბავშვებში ხანგრძლივად ტოვებს:

„კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ ადამიანებში, მათ შორის ბავშვებში, ხანგრძლივად რჩება რომელიმე სიმპტომი. ამ სიმპტომების ჩამონათვალი ძალიან დიდია. ასამდე სიმპტომია გამოვლენილი ბავშვებში, რომელიც შეიძლება დარჩეს კორონავირუსის მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ. ​ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ხველა.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ქრონიკულია ხველა, რომელიც რვა კვირაზე მეტხანს გრძელდება:

„ხველა შეიძლება გაგრძელდეს თვეები, კვირები. როდესაც „ქრონიკულ“ ტერმინს ვიყენებთ ხველის შეფასებისას, ეს არის ხველა რვა კვირაზე მეტი. შესაძლებელია, ბავშვებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩეთ ქრონიკული ხველა. რა თქმა უნდა, ამ ბავშვების შეფასება არის აუცილებელი. არის თუ არა რაიმე სპეციფიკური სამკურნალო საშუალება? სამწუხაროდ, არა, არცერთ ამ სიმპტომს რაიმე სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ გააჩნია.“

„თუ კითხვა ეხება ექვს წლის ზემოთ ასაკის ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვის ფილტვის ფუნქციის დროული შეფასება. მნიშვნელოვანია დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი, კვება, რომელიც უნდა იყოს ბალანსირებული. ​შესაძლებელია გამოიძებნოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ამ მხრივ ხელს შეუწყობს ბავშვის რეაბილიტაციას. ეს ხანგრძლივი პროცესია და აუცილებლად მოითხოვს დაკვირვებას, შეფასებას, არამხოლოდ ფილტვების, არამედ სხვა სისტემებისაც. არცერთი სხვა ვირუსი ან ბაქტერია ასეთ ხანგრძლივ ნარჩენ მოვლებს არ ტოვებს. ამ მხრივ ეს მართლაც გამორჩეული ვირუსია,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად