Baby Bag

„მძინარე ბავშვსაც მოეალერსე, მოეფერე! რაც შეიძლება მეტი ალერსი, მეტი სითბო ბავშვებს!“ - ნანა ჩაჩუას რჩევები მშობლებს

„მძინარე ბავშვსაც მოეალერსე, მოეფერე! რაც შეიძლება მეტი ალერსი, მეტი სითბო ბავშვებს!“ - ნანა ჩაჩუას რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლებს ურჩია ბავშვებს რაც შეიძლება მეტი სითბო მისცენ და ხშირად მოეალერსონ:

„რაც შეიძლება მეტი ალერსი, მეტი სითბო ბავშვებს! თანამედროვე დედები ხშირად ამბობენ: „დრო სად გვაქვს?! არ გვაქვს დრო.“ სამსახურიდან რომ დაბრუნდები, დილით, სანამ სახლიდან გახვალ მძინარე ბავშვსაც მოეალერსე, გაუღიმე. შინ დაბრუნებულმა მოახერხე, რომ 20 წუთის განმავლობაში ბავშვთან ერთად ითამაშო, წაუკითხო, ესაუბრო. ძილშიც მოეფერე ბავშვს. მას ალერსი სჭირდება, სითბო სჭირდება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში 4-ჯერ მაინც უნდა ბავშვს, რომ ტაქტილური შეხება იგრძნოს. მხარზე ხელის ჩამოსმა, მოალერსება და ღიმილი, რაც შეიძლება მეტი ღიმილი სჭირდება ბავშვს.

ჩრდილოეთის დათვი თეთრია, სამხრეთის რუხია. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, პირველი ჯიუტობის ხანაში 2 წლიდან 4 წლის ასაკში. ბავშვები ძალიან ბევრ შეკითხვას სვამენ. დავიღალეთ? არ შეგვიძლია? ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ტოტს ვიჭრით, რომელზედაც ჩვენ კი არა, სამყარო ზის. კიდევ ერთი, ბავშვს ძალიან ხშირად ოჯახში არსებული კონფლიქტების ინსტრუმენტად იყენებენ. ეს ძალიან ხშირია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენთან ბავშვის პრობლემებით მოსულიყოს მშობელი და ამის ძირი თავად მშობელი არ ყოფილიყო. ძალიან მწარე რამ მინდა ვთქვა. დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა და მინდა ეს დღეს ვთქვა: კაცობრიობამ დედა დაკარგა. ბავშვებმა დედები დაკარგეს. რითი? იმითი, რომ უპირობო დედობრივი სიყვარული რასაც ჰქვია, იმას დავშორდით ყველანაირად. ამის მიზეზი არ შეიძლება იყოს ტექნიკა არასოდეს. ტექნიკასთან დამოკიდებულებაა ამის მიზეზი.

ფსიქიკას ერთადერთი მიზანი აქვს - სიამოვნების მიღება. აი, ლუარსაბ თათქარიძე და აი, ექვთიმე თაყაიშვილი. აირჩიე, შენ რომელი გზით გინდა სიამოვნების მიღება. როდესაც ლუარსაბ თათქარიძის გზას ირჩევ, ვერ ახორციელებ საკუთარ თავს. საკუთარი თავის განუხორციელებლობა ნიშნავს ბილწსიტყვაობას, აგრესიას, უსასრულო უხეშობას. ეს არის საკუთარ თავში ატეხილი შენი შინაგანი განგაში,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვებში ცხვირიდან როგორც წინა, ისე უკანა გადანადენის სინდრომები ხშირია. ამის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი გარდა რინოვირუსისა, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში,​ როდესაც ცხვირიდან გამონადენი 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, მოწოდებულია 14-დან 28 დღემდე ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით, მიუხედავად ცხელების არსებობისა.“

„ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები. ცხვირის გაჭედვა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და თუ ბავშვი იტანს ამას, საერთოდ სჯობს, რომ არც იხმარონ, რამეთუ ესეც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომ რესპირაციული პათოგენი ლორწოვანის შეშუპებით და ცხვირიდან გამონადენით იქნას მოშორებული,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ​კლინიკა კურაციო

წაიკითხეთ სრულად