Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ხდება, როდესაც ბავშვის სურვილს, რომ დედას ეთამაშოს, მშობელი აიგნორებს?

ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი„სხვა შუადღეში“ თამაშის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და მის შემეცნებით დანიშნულებას უსვამს ხაზს:

„ერთ-ერთ ბავშვს ჰკითხეს, რა არის თამაში. ყოველთვის საინტერესოა, თვითონ ბავშვი როგორ ახასიათებს თამაშს. ბავშვმა იფიქრა და უპასუხა: „ეს არის პროცესი, სადაც არ გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, სადაც შენ ხარ შენ.“ თამაში არის პროცესი, რომელშიც ადამიანი პოულობს საკუთარ თავს, საკუთარ სამყაროს ეხება, საკუთარი სამყაროს შეხებით ეხება გარესამყაროს, გარესამყაროსთან ურთიერთობით უკეთ ეცნობა საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს ცხოვრებაში.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, მშობლის პირველი კონტაქტი ბავშვთან მის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს:

„კონტაქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი კონტაქტი, ბავშვი რომ დაიბადა და თვალები გაახილა, როგორ დახვდი შენ: მომღიმარი სახით დახვდი? მოანდომე მას შენთან ურთიერთობა? პირველივე წუთებიდანვე უმნიშვნელოვანესია, როგორი ენერგეტიკით, როგორი განწყობით დავხვდებით ბავშვს. ბავშვი სანამ საუბარს დაიწყებს, რაღაც ბგერებს გამოთქვამს, ეს უკვე თამაშია. აქედან იწყება ყველაფერი. შენზეა დამოკიდებული ბავშვი „აღუს“ რომ გეტყვის, პასუხს გასცემ, თუ იგნორს გაუკეთებ, იმიტომ, რომ სხვა საქმე გაქვს. „აღუზე“ საპასუხო რეაქციით იწყება ბავშვის სურვილი იკონტაქტოს თუ არ იკონტაქტოს გარემოსთან.“

მზიკო დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ მშობლის მხრიდან ბავშვის თამაშის სურვილის უგულებელყოფა მასზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

„არსებობს ვიდეოები, თუ როგორი შედეგები მოჰყვება, როდესაც ბავშვის სურვილს, რომ დედას ეთამაშოს, მშობელი აიგნორებს. რა ხდება ასეთ დროს? დედა ხედავს ბავშვის მოთხოვნილებას და ის წყვეტს მასთან კავშირს. რა ემართება ამ დროს ბავშვს? მას ეცვლება მიმიკა, აბსოლუტური ტრანსფორმაცია ხდება მის სამყაროში. ის გარემოზე ბრაზდება და ნელ-ნელა იკეტება. ამ ჩაკეტვას ისევ თამაში შველის. დედა რომ ისევ უღიმის, გარემოდან მიდის სტიმული და ბავშვი უბრუნდება სამყაროს.“

„თუ მშობელს არასდროს სცალია და ბავშვის თამაშის მოთხოვნილება არ კმაყოფილდება, ასეთ დროს ბავშვები მაინც პოულობენ გამოსავალს და თვითონ იწყებენ თამაშს. ბავშვმა რომ თამაში შეძლოს, მას, პირველ რიგში, შეგრძნება სჭირდება. შეგრძნება იწყება კონტაქტით. თუ დედას ხელში არ უჭირავს და არ იცის შეხება, როგორ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე? დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს, რომელსაც ვუქმნით ბავშვს. ბევრ მშობელს აქვს მოთხოვნილება, რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო ჰქონდეს ბავშვს. სულ რომ არ უყიდოთ ბავშვს სათამაშოები და ქვიშაში რომ იყოს, სადაც გარშემო ხეებია, ერთი ადამიანი მაინც რომ ჰყავდეს, ვისაც აღმოჩენებს გაუზიარებს, ის მაინც გააკეთებს აღმოჩენებს. თითოეული აღმოჩენის შემდეგ ბავშვის წარმოსახვა ფართოვდება. რაც მთავარია, ბავშვი თამაშის დროს არის შემოქმედი. სიტუაციიდან გამომდინარე ის იწყებს შემოქმედებით აზროვნებას,“ - აცხადებს მზიკო დალაქიშვილი.

წყარო:​ სხვა შუადღე

წაიკითხეთ სრულად