Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გარემოებები უნდა გავითვალისწინოთ აწონვის დროს და დღის რომელი მონაკვეთია ასაწონად რეკომენდებული?

რა გარემოებები უნდა გავითვალისწინოთ აწონვის დროს და დღის რომელი მონაკვეთია ასაწონად რეკომენდებული?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა გარემოებები უნდა გავითვალისწინოთ აწონვის დროს და დღის რომელი მონაკვეთია ასაწონად რეკომენდებული? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

წონის კონტროლისთვის რეკომენდებულია  - დილა. დილით, უზმოზე, დილის პროცედურების შემდეგ სასწორი აჩვენებს ადამიანის რეალურ წონას. აწონვისთვის არ უნდა შევარჩიოთ შუადღე ან საღამო, რადგან მთელი დღის მანძილზე ჩვენ ვიღებთ საკვებს, სითხეს, შესაბამისად, სასწორზე წონის სხვაობა დილასა და საღამოს შორის საკმაოდ თვალშისაცემია.

თუმცა დილით აწონვასთან დაკავშირებით უნდა გავითავლისწინოთ რამდენიმე გარემოება: 

1) წინა დღით - განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში მიღებული მარილიანი საკვები აკავებს სითხეს ორგანიზმში და იწვევს შეშუპებას, ეს კი ხდება მომატებული კილოგრამების მიზეზი;

2) ნაწლავების გამოხატული შებერილობა ასევე შეიძლება გახდეს სასწორზე მომატებული წონის საფუძველი;


3) ქალბატონებში ე.წ ​პრემენსტრუალური დღეები, როდესაც წონის მატება ხდება ისევ სითხის შეკავების ხარჯზე, ამ დროს არ უნდა შევშფოთდეთ, რადგან აღნიშნული დღეების ჩავლის შემდგომ შეშუპება გაივლის და წონაც დაუბრუნდება მის ნიშნულს;

4) ალკოჰოლის მიღება წინა დღით, რომელიც ასევე აკავებს სითხეს და იწვევს შეშუპების ხარჯზე წონის მატებას;

5) გვიანი ვახშამი - ასეთ დროს ორგანიზმი ვერ ახერხებს სრულფასოვნად საკვების გადამუშავებას, რაც ასევე შეიძლება გახდეს დილით მომატებული წონის მიზეზი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად