Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ​პროდუქტები უწყობენ ხელს სიმაღლეში ზრდას?

რომელი ​პროდუქტები უწყობენ ხელს სიმაღლეში ზრდას?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რომელი პროდუქტები ეხმარება ადამიანს სიმაღლეში ზრდაში? - ამ თემაზე ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

​დღეს ვისაუბრებ ვიტამინებზე, მინერალებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

​მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიმაღლე უმეტესწილად დამოკიდებულია გენეტიკაზე, დღიურ რაციონში აუცილებელია საკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება სათანადო ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. ვიტამინები და მინერალები პასუხისმგებელია გამართული ძვალსახსროვანი სისტემის არსებობისთვის. მათგან უნდა გამოვყოთ: ვიტამინი D, B ვიტამინების ჯგუფი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი.

​რაც შეეხება პროდუქტებს, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ რამდენიმე მათგანზე:
  • ლობიო - ცილების განსაკუთრებით კარგი წყაროა. ნაჩვენებია, რომ ცილები ზრდიან ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორ 1-ის (IGF-1) სინთეზს, რომელიც არეგულირებს ზრდას ბავშვებში. ლობიო ასევე მდიდარია რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ხელს შეუწყობს ანემიისგან დაცვას. გარდა ამისა, ლობიო მდიდარია რამდენიმე სხვა მინერალით: სპილენძი, მაგნიუმი, მანგანუმი და თუთია.
  • ხორცეული - ცილებისა და ვიტამინების (განსაკუთრებით B12 ვიტამინი) შეუცვლელი წყარო. სასურველია, ხორცი ბავშვთა ასაკში კვირაში მინიმუმ 4 -5 ჯერ იყოს რაციონში.
  • ნუში - მდიარია ვიტამინებით და მინერალებით. მნიშვნელოვანი როლი უკავია ძვალსახსროვანი სისტემის ფორმირებაში და ზრდის პროცესში.
  • მწვანე ფოთლოვანი მცენარეები: ისპანახი, რუკოლა, კომბოსტო გამოირჩევიან C ვიტამინის, K ვიტამინის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის და კალიუმის მდიდარი შემცველობით.
  • ქინოა - შეიცავს ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს, ასევე არის მაგნიუმის, ფოსფორის და კალციუმის შესანიშნავი წყარო, რითაც მნიშვნელოვან როლს იკავებს ძვლის სტრუქტურის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
  • კვერცხი - ცილებისა და ვიტამინ D-ს საუკეთესო წყარო.
  • კენკროვნები - მოცვი, მარწყვი, მაყვალი და ჟოლო სავსეა მნიშვნელოვანი მინერალებით და ვიტამინებით, განსაკუთრებით მაღალია C ვიტამინის შემცველობა.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!