Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვიცი, რომ ბევრი მშობელი ელოდება ამ შესაძლებლობას. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება დადებითი,“ - ოთარ ჩოკოშვილი ბავშვებში ვაქცინაციის დაწყებაზე

„ვიცი, რომ ბევრი მშობელი ელოდება ამ შესაძლებლობას. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება დადებითი,“ - ოთარ ჩოკოშვილი ბავშვებში ვაქცინაციის დაწყებაზე

ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა საქართველოში 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის დაწყების თემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით ვერ მიდის იმ სამიზნე მოცვისკენ, რომელიც თავდაპირველად იქნა განსაზღვრული:

„ამჟამად ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი. იმ სამიზნე მოცვისკენ, რისკენაც მიდიოდა ქვეყანა, რომ 60 %-მდე მინიმუმ მოცული ყოფილიყო, ისეთი ტემპით ვეღარ მივდივართ. ტემპი ძალიან შემცირდა. მართალია, თბილისში აცრების რაოდენობა ყველაზე მეტია, რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები იყო. ბოლო პერიოდში შედარებით გაუმჯობესება შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი იმ მხრივ, რომ ​გააქტიურდა გარკვეული პროგრამები. სერიოზული მხარდაჭერა აქვთ სოფლის ექიმებს, არის ბინაზე გასვლის საშუალებები, ტრანსპორტში აცრა. ამ მიმართულებით მიდის სამუშაოები.“

ოთარ ჩოკოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონებში ვაქცინაციის ტემპი გაუმჯობესდება:

„იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება გაუმჯობესება ამ მხრივ რეგიონებში. ერთ-ერთი კარგი რაც არის ვაქცინაციის ზოგად მოცვაში, რომ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების 65 %-მდე მოცულია. ​დანარჩენი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვაქცინაციის მოლოდინშია. ასაკოვან მოსახლეობაში ეს პროცენტიც არ არის საკმარისად დამაკმაყოფილებელი.“

​უახლოეს პერიოდში იგეგმება 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება საუბარი, რომ ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. დღემდე არცერთ ჯგუფში არ არის სავალდებულო ვაქცინაცია. ვაქცინაცია რეკომენდებული ნამდვილად იქნება და იქნება ხელმისაწვდომიც. ბევრ ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი ამ ასაკობრივ ჯგუფებში. მე ვიცი, რომ ბევრი მშობელი ელოდება ამ შესაძლებლობას,“ -აღნიშნულ საკითხზე ოთარ ჩოკოშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად