Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

მკერდის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი სიმსივნეა. ბევრ ქვეყანაში ის სიმსივნეასთან დაკავშირებული ქალთა გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

მართალია მკერდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს გენეტიკური ფაქტორები ყველაზე მეტად ზრდის, თუმცა ქალის ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარება და ჭარბწონიანობა მის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2020 წელს ორმა განსხვავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძროხის რძე მკერდის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორია.

პირველმა კვლევამ, რომელიც 33 780 შვედ ქალს 1997 წლიდან აკვირდებოდა, აღმოაჩინა, რომ დღის განმავლობაში 300 მილილიტრი ძროხის რძის მიღება სამჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს განვითარების რისკებს იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც ძროხის რძეს საერთოდ არ სვამდნენ.

მეორე კვლევამ, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და რომელშიც 52 795 ქალი რვა წლის მანძილზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, დაადგინა, რომ ქალებს, რომლებიც დღეში 300 მილილიტრ ძროხის რძეს იღებდნენ, მკერდის სიმსივნის განვითარების 50%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ძალიან ცოტა ძროხის რძეს მიირთმევდნენ.

​ორივე კვლევამ აჩვენა, რომ რძის მიღება გავლენას ახდენდა მხოლოდ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ესტროგენით სტიმულირებული ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებაზე.

კვლევების დიზაინის გამო, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რძის მიღებასა და ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა არ დაუდასტურებიათ, რომ ძროხის რძის მიღება მკერდის სიმსივნის გამომწვევი უშუალო მიზეზია.

ძროხის რძე ბუნებრივად შეიცავს უჯრედების ზრდისა და გაყოფის სტიმუალტორებს. აღნიშნული სტიმულატორები ორგანიზმში ზრდის ფაქტორი IGF1-ის დონის მატებას უწყობს ხელს. კვლევებით დასტურდება, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ზრდის ფაქტორი IGF1-ის მაღალი დონე აქვთ, მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი მაღალია, სწორედ ამიტომ, ძროხის რძის ჭარბი რაოდენობითი მიღება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდიდეს.

წყარო:​ theconversation.com

წაიკითხეთ სრულად