Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამწუხაროდ, მშობელი დღეში ათჯერ უზომავს ბავშვს ტემპერატურას. მან 37,3 ერთხელ მაინც შეიძლება დაიჭიროს,“ -თემურ მიქელაძე

„სამწუხაროდ, მშობელი დღეში ათჯერ უზომავს ბავშვს ტემპერატურას. მან 37,3 ერთხელ მაინც შეიძლება დაიჭიროს,“ -თემურ მიქელაძე

​​პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ბავშვებში სუბფებრილური ტემპერატურის არსებობის შესახებ საუბრობს და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თემურ მიქელაძის თქმით, უფროსები შეცდომას უშვებენ, როდესაც ბავშვს ტემპერატურას დღეში ათჯერ უმოწმებენ:

„კორონავირუსული ინფექციის შემდგომ სუბფებრილური ტემპერატურა 37,2-37,3 შეიძლება ისედაც დარჩეს. ტემპერატურას აქვს დღე-ღამის ცირკადული რიტმი. დღის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება იყოს 36,5, შუადღეს ჯანმრთელ ადამიანშიც ავიდეს 37,3-მდე. ეს არის ნორმა. ​პანდემიის დროს მშობელი, სამწუხაროდ, დღეში 10-ჯერ უზომავს ბავშვს ტემპერატურას. მან ერთხელ მაინც შეიძლება დაიჭიროს 37,3. ეს არის ნორმა. ნუ შეგეშინდებათ, ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც, კორონავირუსამდეც ასე იყო. ეს ტემპერატურა ამ შემთხვევაში არ არის საგანგაშო. უმეტეს შემთხვევაში ეს ტემპერატურა, თუ გადაზომავთ, უბრუნდება ნორმას. მთავარია, ტემპერატურის სწრაფი ავარდნა არ იყოს ზემოთ. სწორედ მაღალი მატების დროს შეგვიძლია ვიფიქროთ რაიმე გართულებაზე.“

​თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვს, რომელმაც კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანა, ზედმეტი კვლევების და ანალიზების ჩატარება არ სჭირდება;

„თუ ბავშვმა კორონავირუსი გადაიტანა უსიმპტომოდ სახლის პირობებში, მას არანაირი ანალიზი და ზედმეტი სტრესი არ სჭირდება. ჩათვალეთ, რომ ბავშვი არის ჯანმრთელი. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს არანაირი კვლევა არ სჭირდებათ, თუ არიან ბინის პირობებში. თუ ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი, გამოწერის შემდეგ ექიმი წყვეტს ამ საკითხს. თუ იყო რაიმე ანთებითი რეაქცია, ამ პაციენტებს სჭირდებათ კვლევა. მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს, რომლებიც ბინის პირობებში არიან, არანაირი კვლევები არ სჭირდებათ.“

„თუ ​ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ სუსტად არის, ის ფიზიკურად უნდა დატვირთოთ. თუ ბავშვი იტვირთებოდა ერთი საათის განმავლობაში, დავიწყოთ ათწუთიანი დატვირთვით და ნელ-ნელა გავზარდოთ დრო. თუ ბავშვი უკვე ერთი კვირაა ითვლება გამოჯანმრთელებულად, ერთი კვირის შემდეგ მას შეუძლია დაიწყოს ფიზიკური დატვირთვა. აქტივობა სრული დატვირთვის ათი პროცენტით უნდა დავიწყოთ. უმჯობესია, დატვირთვის დაწყებამდე მოზარდმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია. ერთი თვის განმავლობაში ის ნელ-ნელა უნდა მივიდეს იმ დატვირთვამდე, რომელიც იქამდე ჰქონდა. ხშირად გავიყვანოთ ბავშვი გარეთ, გავაკეთებინოთ მარტივი ვარჯიშები, თუ სპორტითაა დაკავებული, ერთ თვეში დაუბრუნდება თავის ფორმას,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე.

წყარო: ​დილა უქმეებზე


წაიკითხეთ სრულად