Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თერმომეტრი დამალონ, ნერვები დაიმშვიდონ და დაწყნარდნენ. ეს ფორიაქი და ნერვიულობაც თავისებურად მოქმედებს,“ - ინფექციონისტი მარინა ჯანგავაძე

„თერმომეტრი დამალონ, ნერვები დაიმშვიდონ და დაწყნარდნენ. ეს ფორიაქი და ნერვიულობაც თავისებურად მოქმედებს,“ - ინფექციონისტი მარინა ჯანგავაძე

ინფექციონისტი მარინა ჯანგავაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ​კოვიდ-19 ის მიმდინარეობის თავისებურებებისა და პოტკოვიდური სინდრომის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერი კოვიდი არ უნდა გვეგონოს, რადგან სხვა რესპირატორული ინფექციებიც არსებობს, რომლებსაც კორონავირუსის მსგავსი სიმპტომატიკა აქვს:

„ზოგჯერ სწრაფი ტესტი აჩვენებს უარყოფითს, მაგრამ ყველაფერს კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ. თუ ადამიანს აინტერესებს ჰქონდა თუ არა კოვიდი, გარკვეული დროის მერე, სამი კვირის შემდეგ, გაიკეთოს ტესტი იმუნოგლობულინებზე. თუ გადატანილი აქვს, ეს ანტისხეულები აღმოჩნდება სისხლში. უამრავი რესპირატორული ინფექცია არსებობს. ნიღბებმა კი დაიცვეს ადამიანები. არ არის ბევრი შემთხვევა სხვა რესპირატორული ინფექციების. ძალიან ბევრს აქვს კითხვა, რომ უარყოფითი პასუხი ჰქონდა ტესტზე, მაგრამ ​კლინიკა ჰქონდა 37.1-37.2 ტემპერატურა. სხვა დროსაც ხომ დაგვიკარგავს სუნი და გემო, როდესაც რესპირატორული ინფექცია ყოფილა. რადგან პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ყველაფერი კოვიდი ნუ გვგონია.“

მარინა ჯანგავაძის თქმით, თუ პოსტკოვიდურ ეტაპზე პაციენტს კვლევებით ყველაფერი რიგზე აქვს, გახანგრძლივებული ტემპერატურა მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის:

„ყველგან წერია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ​ საკმაოდ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ტემპერატურა. ყველაზე ხანმოკლე პოსტკოვიდური პერიოდი შეიძლება იყოს ოთხი კვირა და ყველაზე ხანგრძლივი - ექვსი თვე. არასწორი იმუნური პასუხი და კიდევ ბევრი რამ არის ამის მიზეზი. თუ რენდგენოლოგიურად, სისხლის საერთო ანალიზით, ლაბორატორიული კვლევებით ყველაფერი ნორმაშია, თერმომეტრი დამალონ, ნერვები დაიმშვიდონ და დაწყნარდნენ. ეს ფორიაქი და ნერვიულობაც თავისებურად მოქმედებს.“

„თერმორეგულაციის ცენტრსაც დამახსოვრებული აქვს კოვიდი, პერიოდულად შეიძლება ტემპერატურამ აიწიოს. დამალონ თერმომეტრი. არ არის საჭირო ყოველ წუთში ტემპერატურის გაზომვა. ნერვიულობის ფონზეც შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს. ​თუ მწყობრში გაქვთ ყველაფერი, დამშვიდდით და დაწყნარდით. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ტემპერატურა იმატებს ნერვიულობის ფონზე. არ უნდა ნერვიულობა. თუ ყველაფერი წესრიგშია, მორჩა,“ - აღნიშნავს მარინა ჯანგავაძე.

წყარო: ​„დილა უქმეებზე“

წაიკითხეთ სრულად