Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სხვაზე ზრუნვა არის გადამწყვეტი თვისება და ჩვენ ამას არ ვასწავლით შვილებს,“ - თამარ გაგოშიძე

„სხვაზე ზრუნვა არის გადამწყვეტი თვისება და ჩვენ ამას არ ვასწავლით შვილებს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ თვისებების და უნარების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. მისი თქმით, სხვაზე ზრუნვა გადამწყვეტი თვისებაა, რომელსაც შვილებს ნაკლებად ვასწავლით:

„სხვაზე ზრუნვა ეს არის გადამწყვეტი თვისება. ემპათიის უნარის განვითარება არის მომავალი პიროვნებისთვის და მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას არ ვასწავლით ჩვენს შვილებს. „რატომ ჩემი შვილი? ჩემმა შვილმა რატომ უნდა გააკეთოს? ჩემი შვილი რატომ უნდა დაიჩაგროს? ჩემმა შვილმა რატომ უნდა დაუთმოს? ვისზე ნაკლებია ჩემი შვილი?“ ​ეს არის ჩვენი პოზიცია, რაც არის დამღუპველი. რომ გაიზრდება თქვენი შვილი და ყურადღებას არ მოგაქცევთ, მხარდაჭერა დაგჭირდებათ და მხარს არ დაგიჭერთ, მერე იქნება გვიანი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობლები საკუთარ შეცდომებს არ აღიარებენ და ვერ ხვდებიან, რატომ არ არის ბავშვი ემპათიური და მხარდამჭერი:

„რიტორიკულ კითხვას სვამენ მერე მშობლები: „​ვინ გაზარდა ასეთი უგულო?“ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სუსტზე ზრუნვა, სხვაზე ზრუნვა, სხვასთან გაზიარება რაღაცების. თუ ჩვენ ეს არ ვასწავლეთ, თუ ეს ჩვენში არ დაინახა, ის ამას არ გააკეთებს. მიუღებელი ქცევის შეკავება და იმპულსის გადავადებაც უნდა ვასწავლოთ. „კანფეტი მინდა ახლა!“ მშობლები ფიქრობენ: ბავშვმა არ ინერვიულოს, კანფეტი ახლავე უნდა მივცეთ. „ახლა უნდა ჩემს შვილს ნაყინი, ახლა უნდა ჩემს შვილს ცხოვრება, რაც ახლა უნდა, თუ არ შევუსრულე, აბა რისთვის ვშრომობ?“ იმპულსის გადავადება ბავშვის ტვინმა თუ არ ისწავლა, მილიონი რომ ჰქონდეს, მაინც არ იქნება საკმარისი.“

თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, ბავშვს თანმიმრევრული მოქმედებების დაგეგმვა ასწავლონ:

„ბავშვს უნდა ასწავლოთ თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვა, მშობელი გეუბნება, რომ ამხელა გოგოა, ამხელა ბიჭია, მთელი დღე უნდა დაუგეგმო, ჯერ ეს უნდა გააკეთო, მერე ის უნდა გააკეთო. მთელი დღე ამაში გადის, ​მშობელს აღარ რჩება დრო იმისთვის, რომ ისიამოვნოს ბავშვთან ურთიერთობით. არც ბავშვს რჩება დრო, რომ ისიამოვნოს მშობელთან ურთიერთობით. ჩვენ ვართ მარტო მოთხოვნის რეჟიმში, მარტო ძახილის და შენიშვნების რეჟიმში. წინასწარ მოლაპარაკებული წესების შესრულება უნდა მოვათავოთ 11 წლამდე. ბავშვმა უნდა იცოდეს რა ელის, თუ იმას არ გააკეთებს, რაც არის წინასწარ მოლაპარაკებული ოჯახში.“

​ბავშვს უნდა ვასწავლოთ ემოციის მისაღები გზით გაზიარება და გამოხატვა. ეს არის ტრაგედია ჩვენი საზოგადოების. ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ ჩვენი ემოცია მისაღები გზით, გავაზიაროთ და სახელი დავარქვათ. ჩვენ დიალოგი არ ვიცით და გადავდივართ ჩხუბზე. შეხედეთ ტელევიზიას, შეხედეთ თქვენს მეზობლებს, შეხედეთ თქვენს ახლობლებს, თქვენს თავს. რას ვაკეთებთ ჩვენ და როგორ ვიქცევით? ემოციის გვრცხვენია. ემოციის რეგულაციის კულტურა ისწავლება. ეს თუ არ ისწავლე, თუ არ გამოიმუშავე, არასდროს არ გექნება,” - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„განათლება უკეთესი მშობლობისთვის“

წაიკითხეთ სრულად