Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს, ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება,“ - მარინა კაჭარავა

„10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს, ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება,“ - მარინა კაჭარავა

​ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ დედების გარეშე გაზრდილი ბავშვების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვისთვის მშობელთან ემოციური კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია:

„ბავშვისთვის ემოციური კონტაქტი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვგონია, რომ თუ ბავშვი სუფთად არის, დავარცხნილია. დაბანილია, ნაჭამია, მორჩა, ყველაფერი აქვს. მას სჭირდება ჩახუტება, აღიარება, მოფერება, პატივისცემა. ხშირ შემთხვევაში მას არ აქვს ეს დედასთანაც კი, არათუ დედის გარეშე. დედა რომ ტოვებს ბავშვს, ეს ძალიან დიდი ტრაგედია და გაჭირვებაა. მე ძალიან თანავუგრძნობ ასეთ დედებს. ვინც დედაა ის გაიგებს, რამდენად ძნელია ბავშვის გარეშე გაატარო თუნდაც ერთი ღამე. დედები წლები მუშაობენ მონურად, რომ აქ უზრუნველყონ თავიანთი შვილები.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი დათრგუნული და დაჩაგრულია, როდესაც დედის გარეშე რჩება:

„შეიძლება ბავშვს ერჩივნოს ხახვი ჭამოს და პური, წვიმა ჩამოდიოდეს მის სახლში და დედ-მამა გვერდით ჰყავდეს. 10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს. ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება. როდესაც ბებიასთან რჩება ბავშვი, ბებია არის ძალიან ცოდო ამ შემთხვევაში. ჩვენს კულტურაში ბებია არის ძალიან ტკბილი, ძალიან საყვარელი. ​ამ დროს ბებია ხდება ძალიან ავი. მას აქვს ორმაგი პასუხისმგებლობა შვილის წინაშე, ბავშვის წინაშე. თუ დედა გაუშვებდა ექსკურსიაზე, ბებია არ უშვებს, თუ დედა ჩაუშვებდა ეზოში, ბებია არ უშვებს. ის მაქსიმალურად სტრესავს კიდევ ბავშვს თავისი კონტროლით. ბავშვი დათრგუნული და დაჩაგრულია ყველა შემთხვევაში."

​ვერაფერი ვერ შეცვლის დედას და მამას. შეიძლება დედა მშობიარობას გადაჰყვეს და ბავშვი უდედოდ დარჩეს. ეს კიდევ სხვა შემთხვევაა. როდესაც არის ასეთი რეალობა, რომ დედა არ არსებობს, ვიღაც ხდება ბავშვისთვის ნამდვილი დედა, გამზრდელი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად