Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის ძუძუს კიბოს ძირითადი სიმპტომი? - მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე

რა არის ძუძუს კიბოს ძირითადი სიმპტომი? - მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე

მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავებულია:

„ძუძუს კიბო არ არის განაჩენი. ეს არის სერიოზული, ​მძიმე დიაგნოზი, რომელსაც სჭირდება ადეკვატური მკურნალობა. ჩვენ სკრინინგი უნდა განვასხვავოთ დიაგნოსტიკისგან. სკრინინგი არის ასიმპტომური ადამიანების ერთგვარი დახარისხება დაავადების წარმოშობის დაბალი ან მაღალი რისკის ჯგუფებში. დიაგნოსტიკა არის უკვე აღმოჩენილი შემთხვევის დროს ჩატარებული კვლევები.“

ირაკლი კოხრეიძის თქმით, დიაგნოსტირებისას გამოვლენილი კვანძოვანი წარმონაქმნების 70 % კეთილთვისებიანია:

„შემთხვევათა 70 % კეთილთვისებიანი მდგომარეობებია. ​ძუძუს კიბოს ძირითადი სიმპტომი არის კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა სარძევე ჯირკვალში. არ უნდა შეეშინდეთ ქალბატონებს. ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. კეთილთვისებიანი სიმსივნეების გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს ჩარევას. არსებობს შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა ხდება. ჩემი ოპერაციების 80 % მოდის ორგანოს შემანარჩუნებელ ოპერაციებზე.“

„ძუძუს კიბოს გამომწვევი კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ძუძუს კიბოს რაოდენობის მომატება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მთელს მსოფლიოში სკრინინგული პროგრამების გააქტიურებას და დაავადების გამოვლენის ხერხების გაუმჯობესებას. არსებობს სიმსივნესთან ასოცირებული კონკრეტული ფაქტორები: ​გაუარესებული ეკოლოგია, დასხივება, ცხოვრების სტრესული გარემო, კვებითი ფაქტორები და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კოხრეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: „​დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად