Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„უნდა გამოვრთოთ ყველა ის საინფორმაციო საშუალება, სადაც ვაკვირდებით სტატისტიკას, სად რამდენი გარდაიცვალა,“ - ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

„უნდა გამოვრთოთ ყველა ის საინფორმაციო საშუალება, სადაც ვაკვირდებით სტატისტიკას, სად რამდენი გარდაიცვალა,“ - ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა ნ​ეგატივის დაძლევისა და პოზიტიური განწყობის შექმნისთვის საინტერესო რჩევები მოგვცა, მისი თქმით, გარდაცვალების შესახებ სტატისტიკის გაცნობას თავი უნდა დავანებოთ:

„უნდა გამოვრთოთ და ავკრძალოთ ყველა ის საინფორმაციო საშუალება, სადაც ჩვენ ვაკვირდებით სტატისტიკას, სად რამდენი გარდაიცვალა, სად რამდენი ცუდი ამბავი მოხდა და ა.შ. ამას წინათ გადავავლე თვალი წამყვან საინფორმაციო გვერდებს. იყო რომ აქ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ მოხდა მკვლელობა, გუშინწინ ქურდობა, თუ ჩვენ რამე შეგვიძლია შევცვალოთ იმით, რომ გავიგებთ სად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, არა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვშველით, გარდა იმისა, რომ ნერვებს ვიშლით. პირველი რჩევაა, რომ გამოვრთოთ ნეგატივი, მოვსპოთ რამდენადაც შეგვიძლია.“

ხათუნა მუზაშვილის თქმით, წუწუნა ადამიანებს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ:

„მეორე რჩევაა, რომ მოვერიდოთ წუწუნა ადამიანებს. ​რაც შეიძლება მოვშორდეთ ადამიანებს, რომლებიც სულ წუწუნებენ და ნეგატივს ავრცელებენ. ჩემს გვერდზე მყოფი ადამიანის აზრები გადმოდის ჩემზე.“

„მესამე ძალიან საინტერესო რჩევაა, რომ გავაკეთოთ სავარჯიშო. 21 დღის განმავლობაში არ უნდა ვთქვათ არაფერი ნეგატიური. პირველ რიგში, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ წამიდან 21 დღე ნეგატივს არ ვავრცელებ. ვიკეთებ სამაჯურს. ორ წუთში მავიწყდება, რაც ვთქვი და ვავრცელებ ნეგატივს. ვიხსნი სამაჯურს და გადმომაქვს მეორე ხელზე. როგორც კი ვაფიქსირებ, რომ ნეგატივს ვავრცელებ, გადამაქვს შემდეგ ხელზე. ეს გვაძლევს კონტროლის შესაძლებლობას. თუ ერთ დღეს მე ოცჯერ გადავიტანე სამაჯური ხელიდან ხელზე, ხვალ უკვე ათჯერ. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სამაჯური ერთ ხელზე უნდა გაჩერდეს 21 დღე. ყველა ქალს ექნება სამაჯური სახლში. 21 დღე ნეგატივის გარეშე იქნება სასწაული. უამრავ კომპლიმენტს მივიღებთ, ყველაფერი შეიცვლება,“ -აღნიშნულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა რადიო „უცნობის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „უცნობი“

წაიკითხეთ სრულად