Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი... ნუ გაიმეტებ ესე, მოაკითხე, ძალიან გთხოვ,“ - თამუნა მუსერიძე

„ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი... ნუ გაიმეტებ ესე, მოაკითხე, ძალიან გთხოვ,“ - თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქუთაისში დედის მიერ მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს:

„რა ვქნა?

რა ჯანდაბა ვქნა?

ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი, თქვა რომ ქმარი არ ჰყავს. ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არ აქვს. დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა, ერთი თვისაა, ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან, აქ იქნება. თუ ამ პოსტს წაიკითხავ. ძალიან გთხოვ,  ნუ გაიმეტებ ესე. მოაკითხე, ძალიან გთხოვ. მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად,“ - აღნიშნავს თამუნა მუსერიძე.

წაიკითხეთ სრულად