Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,3 წელი არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი ემოციურად მზად არის ოჯახისაგან დამოუკიდებლად გაატაროს რამდენიმე საათი უცხო გარემოში''

,,3 წელი არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი ემოციურად მზად არის ოჯახისაგან დამოუკიდებლად გაატაროს რამდენიმე საათი უცხო გარემოში''
რა როლი აქვს საბავშვო ბაღს? რა ასაკშია რეკომენდირებული ბავშვის ბაღში მიყვანა? რამდენად აუცილებელია საბავშვო ბაღი? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა ნინო ოქროსაშვილმა უპასუხა.

- რა როლი აქვს საბავშვო ბაღს პატარებისთვის? რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა იაროს ბაღში?

- 6 წლამდე ბავშვები ძირითადად სხვისი მიბაძვით ვითარდებიან. შესაბამისად, თანატოლებთან ურთიერთობას პატარას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თანატოლებთან ურთიერთობის საფუძველზე პატარები გადიან სოციალიზაციის მნიშვნელოვან საფეხურს: სწალობენ ერთობლივ თამაშს, დათმობას, დაცდას/ლოდინს, რიგის დაცვას, უვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი, სწავლობენ და ეუფლებიან ბევრ ისეთ უნარს, რომელიც მნიშვნელოვნად ამაღლებს ბავშვის სასკოლო მზაობას. შესაბამისად, ბაღი ბავშვის განვითარების პროცესში არსებითი როლის მატარებელია.

- რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ბავშვის ბაღში მიყვანა?

- 3 წელი არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი ემოციურად მზად არის ოჯახისაგან დამოუკიდებლად გაატაროს რამდენიმე საათი უცხო გარემოში.

- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ბაღში მიყვანამდე, რაზეა დამოკიდებული ბავშვის საბავშვო ბაღში შეგუების პერიოდი, როგორ ავარიდოთ შეგუების რთულ პერიოდს?

- ბაღთან შეგუების პროცესი ინდივიდუალურია. მთელ რიგ შემთხვევებში ბავშვმა ეს შესაძლებელია მიიღოს ძალიან ბუნებრივად. არ გახდეს საჭირო დაგეგმილი ღონისძიებების გატარება.

პირველი და მნიშვნელოვანი უნარი, რასაც ბავშვი უნდა ფლობდეს, არის ის, რომ, მას შეეძლოს დედისგან დამოუკიდებლად თუნდაც 5-10 წუთის განმავლობაში დარჩეს მარტო ოთახში. ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვი თამაშობდეს სათამაშოებით დამოუკიდებლად, გამოხატავდეს ინიციატივას თამაშის დაწყების პროცესში, იღებდეს სიამოვნებას თანატოლებთან ურთიერთობით.

ბაღში წასვლამდე სასურველია მშობელი მოუყვეს პატარას იმის შესახებ, თუ რა არის ბაღი, რა სახის აქტივობები ელოდება იქ. რა შეიძლება მოეწონოს ძალიან და რა დახვდება მისთვის არასასიამოვნო.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი ვერ ეგუება ბაღს?

- იმ შემთხვევაში, თუ ბაღის გარემოში დამოუკიდებლად დარჩენის შეგუების პროცესი სწორად და თანმიმდვრულად არის დაგეგმილი, რისკი იმისა, რომ ბავშვი ვერ შეეგუება ბაღის გარემოს, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სპეციალისტმა მშობელს კარგად აუხსნას რა ნაბიჯებია დაგეგმილი ადაპტაციისათვის, რაში გამოიხატება ამ პროცესში მშობლის თანამშრომლობა სპეციალისტთან. თუ ბავშვის მიჯაჭვულობა დედისადმი ძლიერია, ასეთ შემთხვევაში ჯობია ჯერ მუშაობა დაიწყოს იმაზე, რომ ბავშვმა დაიწყოს დედისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება და შემდეგ დაგეგმოს მისი ბაღში მიყვანა.

- იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ დადის ბაღში, რა რჩევებს მისცემდით მშობლებს ?

- ასეთ შემთხვევაში მნიშვნლოვანია, მშობელმა ბავშვს შეძლებისდაგვარად ხშირად შეუქმნას გარემო, სადაც ექნება თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ითამაშონ ერთად, სადაც ბავშვს მოუწევს საკუთრი ნივთის უფროსისათვის ან თანატოლისათვის გაზიარება, საკუთარი რიგის მოცდა, ერთობლივი თამაშის საფუძველზე ხანდახან საკუთარი სურვილების დათმობა და თანამოთამაშის სურვილის გათვალისწინება. 

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე

წაიკითხეთ სრულად