Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი,“ - ევგენი კომაროვსკი

„სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დისტანციური სწავლების საკითხს ეხმიანება ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ბავშვების სახლში გამოკეტვა პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა სამედიცინო კუთხით - არა:

„ვფიქრობ, რომ მსგავსი ზომების მიღება პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა, თუ მედიცინის პერსპექტივიდან შევხედავთ, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის პრობლემატური ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება სამედიცინო თვალსაზრისით, ევგენი კომაროვსკი პასუხობს:

„წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლება მისცეს. რომელიმე ბავშვი თუ დაავადდა, ღმერთმა ნუ ქნას და შედეგი რომ ლეტალური აღმოჩნდეს, ეს ყველაფერი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ლოგიკურია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა დაიხუროს. ამასთან, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც ბავშვი სახლშია გამოკეტილი, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტას აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი. ის სოციალური უნარების განვითარებას ვეღარ ახერხებს, ნაკლებად მოძრაობს, ბავშვი პასიურია, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლადაც იქცეს, მატულობს უბედური შემთხვევების რიცხვიც, ძალიან გახშირდა ბავშვების ფანჯრიდან გადმოვარდნის სამწუხარო ფაქტები. ბავშვები თამაშის დროსაც ბევრ რამეს აზიანებენ, შესაძლოა, ხანძარიც გააჩინონ. ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა მათ მრავალმხრივ ზიანს აყენებს.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, სახლში ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებელი მშობელია:

„აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ სახლში ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება და არა - სკოლას. ჩემი აზრით, შერეულ სწავლებაზე საუბრის დროს აქცენტი უფრო უმნიშვნელო საკითხებზე კეთდება, ვიდრე მნიშვნელოვანზე. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვღელავდეთ, რამდენ დღეს გაატარებს ბავშვი სკოლაში და რამდენი გაკვეთილი ჩაუტარდება მას დისტანციურად, არამედ უნდა გვაინტერესებდეს, როგორი იქნება ჰაერის ტემპერატურა საკლასო ოთახში, ვინ იზრუნებს ვენტილაციის ხარისხზე, როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს ყველაფერი, უნდა აიკრძალოს თუ არა სპორტის გაკვეთილების დარბაზში ჩატარება. ხომ არ აჯობებს, რომ სპორტის გაკვეთილმა ღია სივრცეში გადაინაცვლოს?! მშობლები პასუხისმგებელ პირებს სწორედ ამ კითხვებით უნდა მიმართავდნენ, ხოლო დისტანციური სწავლებისა და სკოლაში სიარულისთვის გამოყოფილი დღეების რაოდენობა მეორეხარისხოვანია.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, ოქტომბერ-ნოემბერში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი:

„მალე აცივდება, ადამიანები ფანჯრებს დახურავენ და დროის უდიდეს ნაწილს დახურულ შენობებში გაატარებენ. რა თქმა უნდა, დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს არამხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა რესპირატორული ინფექციების ხარჯზე მოხდება. აკადემიკოსობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორ ვრცელდება ვირუსი. დიახ, ოქტომბრიდან ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდება. ამაში ეჭვი არ მეპარება.“

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ვეთანხმები იმაში, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ვირუსი არსად გაქრება. იმისთვის, რომ ვაქცინა შეიქმნას და გამოვიყენოთ, ორი წელი მაინც არის საჭირო. ვირუსის შესუსტებასაც დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება. ამის შემდეგ ადამიანები დამშვიდდებიან, რა თქმა უნდა, თუ რაიმე ახალი ვირუსი არ გაჩნდება,“ - განაცხადა ევგენი კომაროვსკიმ.

მომზადებულია ​media.az - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად