Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

აღზრდის ოთხი სტილი და მათი გავლენა ბავშვის მომავალზე

აღზრდის ოთხი სტილი და მათი გავლენა ბავშვის მომავალზე

მშობლის შვილისადმი დამოკიდებულება ბავშვის მომავალზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. აღზრდის ოთხი ცნობილი სტილიდან თითოეული მათგანი ბავშვზე განსხვავებულად ზემოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთი სხვებთან შედარებით დადებით გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე.

  • 1.მშობელი ბავშვთან ურთიერთობაში მკაცრია და მას ყოველთვის აკონტროლებს

​ავტორიტარი მშობლები ძალიან მკაცრები არიან. მათი შვილები ბრმად ემორჩილებიან ოჯახში დადგენილ წესებს. ისინი შვილის გრძნობებსა და ემოციებს სერიოზულად არ უდგებიან. ავტორიტარი მშობლები დისციპლინაზე დიდ მნიშვნელობას დასჯას ანიჭებენ. ისინი შვილისადმი სიყვარულს სიმკაცრით გამოხატავენ და თვლიან, რომ მკაცრი აღზრდა ბავშვს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. ავტორიტარი მშობლების შვილები თავს ხშირად დაუცველად გრძნობენ, დაბალი თვითშეფასება აქვთ, სოციალური ურთიერთობები უძნელდებათ და დამოუკიდებლად მოქმედებაც უჭირთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ავტორიტარი მშობლების შვილები ზრდასრულობაში ხშირად თავადაც აგრესიულები და ავტორიტარები ხდებიან. მათ ცუდისა და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ, რადგან მშობლებისგან ახსნა-განმარტებებს არასდროს იღებდნენ. მათ ემოციების კონტროლი უძნელდებათ და ტყუილის თქმისკენ მიდრეკილებას ავლენენ.

  • 2.მშობელი ყურადღებიანი და დემოკრატიულია

ავტორიტეტი მშობლები ავტორიტარების მსგავსად საზღვრებსა და კანონებს აწესებენ. ისინი შვილებს საკუთარი ქმედებების მიზეზებს კარგად უხსნიან. ავტორიტეტი მშობლები შვილების განცდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათ ყოველთვის ყურადღებით უსმენენ. ავტორიტეტი მშობლებისთვის ​დასჯაზე უფრო ეფექტიანი საშუალება ბავშვის ქცევის მართვისთვის დისციპლინაა. ბავშვებს მშობლებთან დისკუსიისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ეძლევათ. მათ შეცედომების დაშვების უფლება აქვთ და მშობლები ჭარბი კონტროლით არ აწუხებენ. ავტორიტეტი მშობლების შვილები მომავალში დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ადამიანები არიან. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და კომუნიკაციის კარგი უნარი აქვთ, კარგად აკონტროლებენ ემოციებს, ემპათიის გამოვლენაც არ უძნელდებათ. ეს ყოველივე ავტორიტეტი მშობლების შვილებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

  • 3.მშობელი ბავშვის მიმართ ზედმეტად შემწყნარებელია

ლმობიერი მშობლები გარკვეულ წესებს ადგენენ, თუმცა მათ არასდროს მისდევენ. ლმობიერ მშობლებს შვილებისთვის უარის თქმა უძნელდებათ და დისციპლინა მათთვის უცხოა. ისინი მარტივად პატიობენ ბავშვებს ცუდ ქცევას. ზედმეტად ლმობიერი მშობლები შვილებს უფრო მეგობრობას უწევენ, ვიდრე მშობლობას. მათთვის შვილების ემოციები და განცდები ზედმეტად მნიშვნელოვანიც კია, რაც ​ბავშვის ჩამოყალიბებაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ზრდასრულობაში ლმობიერი მშობლების შვილებს თვითკონტროლი და წესების მორჩილება უჭირთ. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ყველაფერი მიიღონ, რაც სურთ. როგორც წესი, ზედმეტად ლმობიერი მშობლების შვილები ცუდად სწავლობენ და მათ დაბალი თვითშეფასება აქვთ.

  • 4.მშობელი ბავშვს უგულებელყოფს და უყურადღებოა

უყურადღებო მშობლები შვილების ცხოვრებაში თითქმის არ ერევიან და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ვითარდება ბავშვი. ისინი არასდროს ადგენენ წესებს, არ ეხმარებიან შვილებს ცხოვრების გზის გაკვალვაში. უყურადღებო მშობლებს სწამთ, რომ ბავშვი თავად ჩამოყალიბდება. ზოგჯერ ეს მშობლისგან დამოუკიდებლადაც ხდება. როდესაც მშობელს ბევრი პრობლემა აქვს, სამსახურში ზედმეტად დატვირთულია და გამუდმებით სტრესშია, ​მას შვილისთვის დრო არ რჩება. უყურადღებო მშობლების შვილებს სწავლაში პრობლემები ხშირად ექმნებათ. მათ დაბალი თვითშეფასება აქვთ და ემოციების გაკონტროლება უჭირთ. იმის გამო, რომ ბავშვებს ყურადღება და სიყვარული აკლიათ, მომავალში მათ უჭირთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობების დამყარება და კომუნიკაცია.

მომზადებულია ​brightside.me-ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად