Baby Bag

„არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, რომელიც ხშირად ჰიპერთირეოზით იწყება,“- ენდოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახაძე

„არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, რომელიც ხშირად ჰიპერთირეოზით იწყება,“-  ენდოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახაძე

ენდოკრინოლოგმა რუსუდან კვანჭახაძემ მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალბატონებში გავრცელებული დაავადებაა:

„რენესანსის პერიოდის მხატვრობაში ძალიან კარგად არის გამოხატული სხვადასხვა ანატომიური დეფექტი ორგანიზმში. ლეონარდო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ანატომიას. მათ შორის გამონაკლისს არც ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენდა. ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოთქმული იყო ორი ექსპერტის ვარაუდი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მონა ლიზას ჰქონდა მშობიარობის შემდგომი ჰიპოთირეოზი. ეს ტილო დახატულია 1502 წელს და მისმა მეუღლემ ფრანჩესკო დელ ჯოკონდომ შეუკვეთა მშობიარობის შემდგომ მისი მეუღლის პორტრეტი. ის ელფერი, რომელიც მის სახის კანს აქვს, შეიძლება სწორედ ჰიპოთირეოზთან იყოს დაკავშირებული.

არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, როდესაც ხდება დისბალანსი. ძალიან ხშირად ჰიპერთირეოზით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სიჭარბით შეიძლება იყოს დაწყებული. შემდეგ უმეტესად ეს გადადის ჰიპოთირეოზში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ვერ ასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მათ ევალება. რასაკვირველია, იცვლება ბევრი ორგანოს ფუნქცია, მათ შორის ქალის გარეგნობაც. ეს არ შეიძლება ყველა ქალს დაემართოს, რასაკვირველია. ის შეიძლება დაემართოს იმ ქალბატონებს, ვისაც ორსულობის დროს აქვს რაიმე პრობლემები, ან ორსულობამდე ჰქონდათ აუტოიმუნური თირეოდიტი. აქ უფრო დიდი რისკია, რომ მშობიარობის შემდგომ სხვადასხვა დაავადება განვითარდეს, მათ შორის მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან კვანჭახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ქალი და მისი ოჯახი მომზადებულები და ინფორმირებულები შეხვდებიან ორსულობას ყველა უსიამოვნების და გართულების პრევენცია შესაძლებელია

თუ ქალი და მისი ოჯახი მომზადებულები და ინფორმირებულები შეხვდებიან ორსულობას ყველა უსიამოვნების და გართულების პრევენცია შესაძლებელია

ორსულების მშობიარობისთვის მოსამზადებელ ფსიქოლოგიურ რჩევებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი რუსუდან სამხარაძე.
- რა არის მთავარი დეტალი, რისთვისაც მზად უნდა იყოს ორსული, რომ მშობიარობის შემდეგ ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს?
- ორსულობა ქალის ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდია, სიხარულთან და ბედნიერებასთან ერთად ხშირად დაბნეულობის, შიშის, შფოთვის, უგუნებობისა და დეპრესიის პერიოდად იქცევა. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინთან ერთად, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაცაა და ეს საპასუხისმგებლო გამოცდა ქალის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ელის.
მღელვარების მიზეზები შესაძლოა იყოს:

​- პასუხისმგებლობის შიში;
- მშობიარობის შიში;
- სხეულის ფორმების ცვლილება;
- ჯანმრთელობის პრობლემები;
თუ ჩვენ განვიხილავთ დედობას, როგორც ფსიქო-სოციალურ ფენომენს, რომელიც ბავშვის განვითარების ყველა პირობას უნდა უზრუნველჰყოფდეს, უნდა შევეხოთ დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ორსულობა და მშობიარობა საკმაოდ სტრესულია ქალის ფიზიოლოგიისა და ფსიქიკისთვის, ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად იცვლება რეალობა და ხდება დედის ახალ როლთან ადაპტაცია, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს (პოსტნატალურ) მშობიარობის შემდგომი ფსიქოემოციური გართულებებით. მაგალითად, შეიძლება ახალბედა დედას არ ახარებდეს ჩვილის მოვლის პროცესი, განიცდიდეს ქრონიკულ გადაღლას და გაღიზიანებას, რაც კიდევ უფრო შეიძლება უმძაფრებდეს დანაშაულის გრძნობას, რომ ვერ აკმაყოფილებს „იდეალური“ დედის პარამეტრებს. ზოგჯერ ჩნდება ფიქრები, რომ ის ვერ აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს ხარისხიანად, თითქოს და მას არ აქვს საკმარისი ემოციური და ტაქტილური (შეხებითი) კონტაქტი ჩვილთან. აღნიშნული ფიქრები და შიშები ორსულში, ახალბედა დედაში, შესაძლოა იწვევდეს გუნება-განწყობის ცვლილებას, სისუსტეს, უმადობასა და ძილის სირთულეებს.

დედის შემაწუხებელი ფიქრები, რომ თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, ხასიათის მუდმივი ცვალებადობა, დანაშაულის გაძლიერებული გრძნობა და ინტენსიური ემოციები, შესაძლოა კიდევ უფრო რთულ ფორმებში გადაიზარდოს და შფოთვით აშლილობამდეც კი მივიდეს. რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს არა მხოლოდ დედაზე, არამედ ბავშვზე და ხანდახან, ბავშვის მიმართ აგრესიის მიზეზიც შესაძლოა გახდეს.

​თუ ახლად ნამშობიარებ ქალს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სუსტად აღენიშნება, აქვს მსუბუქი შფოთვა, ტირილის სურვილი, ხასიათის ცვალებადობა და ეს სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალი ნელ-ნელა რეაბილიტირდა, ხოლო თუ ეს სიმპტომატიკა არ იცვლება ან მძაფრდება დროის გასვლის მიუხედავად, მაშინ აუცილებელია სპეციალისტების (გინეკოლოგის, ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ფსიქიატრის) კონსულტაცია.
- როგორ უნდა მოემზადოს ორსული ან ის, ვინც ორსულობას გეგმავს ამ რთული და საინტერესო პერიოდისთვის? გვირჩიეთ რამდენიმე აქტივობა ან ფსიქოლოგიური სავარჯიშო, რითაც უფრო მეტი მზაობით შეხვდებიან ქალები მშობიარობას და მის შემდეგ განვითარებულ მდგომარეობას?
- გამოწვევები და სირთულეები ინდივიდუალურია და ისინი სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით გვხვდება. თუ კი ქალი და მისი ოჯახი მომზადებულები და ინფორმირებულები შეხვდებიან ამ უნიკალურ პერიოდს, ყველა უსიამოვნების და გართულების პრევენცია შესაძლებელია.

​პრევენციისთვის სასურველია პერინატალურ ფსიქოლოგთან (ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს შვილოსნობის საკითხებზე, პრე და პოსტ სამშობიარო პერიოდში) კონსულტაცია. ფსიქოლოგის მიზანია, დაეხმაროს ქალს, მიიღოს და გააცნობიეროს საკუთარი თავი ახალ როლში, მოამზადოს მშობიარობისთვის და მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო დეპრესიის, შფოთვის შესახებ. აუხსნას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშობელი-ბავშვის ჯანსაღი ინტერაქცია.

​რეკომენდაციების სახით ახალგაზრდა დედებს მინდა ვურჩიო, რომ მაქსიმალურად დატკბნენ ამ უნიკალური პერიოდით, ორსულობა და მშობიარობა ეს ის დროა, როცა მხოლოდ საკუთარ თავსა და სურვილებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და გაინებივრონ თავი, იყვნენ კონტაქტში საკუთარ შეგრძნებებთან და სურვილებთან - შემდეგ ჩვილთან.

​მოითხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისაგან, ჩართეთ პროცესში მამა, მიიღეთ მისი ზრუნვა და ყურადღება მადლიერებით, შეადგინეთ და გაიზიარეთ ბავშვზე ზრუნვის დრო და განრიგი, თავისუფალი დრო გამოიყენეთ გამოსაძინებლად და სავარჯიშოდ, ჰაერზე სასეირნოდ ან გასართობად.

​ესაუბრეთ, უმღერეთ მუცლადმყოფ ბავშვს და შემდეგ ჩვილსაც აქტიურად გაუზიარეთ თქვენი ემოციები და განცდები, ეს ტექნიკა დაგეხმარებათ ადვილად ამოიცნოთ საკუთარი და ბავშვის სიგნალები, და ამ სიგნალებს შესაბამისი მგრძნობელობით უპასუხოთ.
​პერიოდულად მიმართეთ რელაქსაციას (3-5 წუთი) - მიიღეთ კომფორტული პოზა, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ სიტუაცია/ადგილი, სადაც თავს იგრძნობთ მშვიდად, დაცულად და უსაფრთხოდ, ეს თქვენი „იდეალური ადგილი“ იქნება. ეს ტექნიკა ხელს უწყობს სიმშვიდისა და ბალანსის მოპოვებას, რაც დადებითად აისახება, როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი ადამიანის ჯანმრთელობაზე. რელაქსაცია/წარმოსახვა ეხმარება ადამიანს სიმშვიდე შეინარჩუნოს მთელი დღის მანძილზე.

​მოითხოვეთ სოციალური მხარდაჭერა!

​მნიშვნელოვანია, ორსულობის პერიოდის შესახებ კომუნიკაცია პარტნიორთან (თუ გყავს პარტნიორი), ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან. ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ ქალებთან, რომლებიც ახლა გადიან ამ პროცესს: ორსულებთან და ახალშობილის დედებთან. ასეთი მხარდაჭერის მისაღებად, შეგიძლია სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანდე, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით.

​თუ ცოტას ნერვიულობ, იცოდე, რომ არ ხარ მარტო. შიში, შფოთვა, ახალ როლთან შეგუების სირთულე ძალიან ბუნებრივია, განსაკუთრებით პირველი ან დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში.

​- რას ურჩევდით პარტნიორებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც ორსულთან ერთად გადიან ამ რთულ პროცესს?

​- მშობიარობის შემდგომ ფსიქო-ემოციურ გართულებებს ხელს უწყობს ასევე, ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: ფინანსური პრობლემები და კეთილმოუწყობელი საცხოვრებელი პირობები, მხარდაჭერის არქონა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან, პარტნიორთან დისჰარმონიული ან დაძაბული ურთიერთობები, პარტნიორის გულგრილობა ასეთ პერიოდში ძალიან მწვავედ აისახება ქალის ისედაც სენსიტიურ ფსიქიკაზე, დროებითი იზოლაცია ან სავალდებულო დეკრეტი. ქალი, რომლისთვისაც კარიერული ზრდა და სოციალური თვითრეალიზება პრიორიტეტულია, მძიმედ განიცდის ამ პერიოდს. ასევე საყურადღებოა ის ფიზიკური დისკომფორტი, რომელიც თან ახლავს ორსულობას/მშობიარობას და მშობიარობის შემდგომ ფიზიკურ რეაბილიტაციას: მცირე მენჯის ორგანოების დაწევა, ჩახევები ან საკეისრო კვეთის შემდგომი ჭრილობები, ლაქტაციის დამახასიათებელი ტკივილები და გართულებები, წონის მატება, კანის დეფორმირება, სხეულის შეცვლილი ფორმები, რაც ქალის თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება და დიდ განსაცდელში აგდებს.

​პარტნიორები და ოჯახის წევრები უნდა იჩენდნენ ყურადღებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას როგორც ფიზიკური დახმარების მხრივ, ასევე ემოციური კუთხითაც. ოჯახის წევრებმა კრიტიკის და ნეგატიური შეფასება/შედარებებისგან უნდა შეიკავონ თავი, გაგებით და თანაგრძნობით მოეკიდონ ქალის შეცვლილ ემოციურ მდგომარეობას. 

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად