Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი მოზარდი ბიჭების ჯანმრთელობას? - უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი

რა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი მოზარდი ბიჭების ჯანმრთელობას? - უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი

უროლოგმა გიორგი ბოჭორიშვილმა მოზარდების სექსუალურ ჯანმრთელობაზე მათი ცხოვრების წესის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება მოზარდების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება:

„ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. ავიღოთ მაგალითად ლეპტოპი. ლეპტოპი რომ დაიდო მუხლებზე და ლეპტოპით იმუშაო, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ეს სათესლე ჯირკვლებზე. მუხლებზე დადებული ლეპტოპი, ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სათესლე ჯირკვლებზე. ეს ცნობილია, ეს იცის მეცნიერებამ.

სამწუხაროდ, ეს ცხოვრებამ მოიტანა და XX საუკუნის ბოლომ და XXI საუკუნემ, როდესაც ასეთი ფანტასტიკური რევოლუცია მოხდა და შემოვიდა კომპიუტერი. შემოვიდა საძიებო სისტემები, ადამიანს დაავიწყდა, რომ არსებობს წიგნი, რომ არსებობს სხვა ფორმის გართობები. ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ და ჩვენ ბევრად უფრო ჯანმრთელი თაობა ვართ, სამწუხაროდ, ვიდრე ის თაობა, რომელიც მუდმივად არის მიჯაჭვული ეკრანს. ამავდროულად შესაძლებლობა შეუზღუდავია. თამაშებში კიდევ რა იგულისხმება ეს ცალკე თემაა. არ არის ეს კარგი,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად