Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვთა კვებაში ხორცის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ხორცი ბავშვმა უნდა მიიღოს და ის მოხარშული სახით სასურველია, რომ ბავშვთა კვებაში იყოს, მაგრამ არა ადრეული ასაკიდან. ზოგჯერ ჩვენ 4-5 თვიდან ვიწყებთ ხორცის გამოყენებას. მოხარშული ხორცი ბოსტნეულის წვნიანთან, ბურღულთან ერთად ბავშვს მივცეთ 7-8 თვის ასაკიდან. მე აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია ხორცის ნახარშის გამოყენება არამარტო ბავშვთა, არამედ მოზრდილთა კვებაშიც, განსაკუთრებით დღევანდელ საუკუნეში. მოგეხსენებათ, რომ ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, დიდი რაოდენობით შეიცავს ექსტრაქტებს, პურინებს, მარილებს, მძიმე მარილებს.

თუ ჩვენ თანამედროვე ფერმის მუშაობის პრინციპებს გავითვალისწინებთ, როდესაც ცხოველების გამოკვება ხდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ვაქცინებითა და ჰორმონული პრეპარატებით, იმისთვის, რომ მას დიდი რაოდენობით ხორცი ჰქონდეს და უფრო მეტი შემოსავალი მოუტანოს ფერმერს, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორცის ნახარშში 15-წუთიანი ხარშვის შემდეგ შეიცავს ყველა იმ მავნე ნივთიერებას, რომელიც გამოიდევნა ხორციდან. შემდგომში ეს ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელიც ხვდება ბავშვის ორგანიზმში მას რეზისტენტულსაც ხდის ამ ანტიბიოტიკების მიმართ, გარდა იმ ზიანისა, რომელსაც ის აყენებს ბავშვის ჯანმრთელ ორგანიზმს. მე ხორცის ნახარშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

იმ ფორმით, როგორც დღეს ვიყენებთ ხორცს, რომ უკვე 3 წლის ასაკში, შეიძლება ნახარშის გამოყენება. თავდაპირველად ხორცი აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, აუცილებლად უნდა გადაიღვაროს პირველი წყალი, მოიხარშოს მეორე წყალში, მერე განზავდეს ის წყალი. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ხორცის ნახარში არ არის. რა თქმა უნდა, სჯობს სულაც არ გამოვიყენოთ ხორცის ნახარში,“ - მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად