Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეუღლე ჩვენთვის არის ღმერთი, რომელიც ჩვენი ერთგულია, ჩვენთვის სიკეთეა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„მეუღლე ჩვენთვის არის ღმერთი, რომელიც ჩვენი ერთგულია, ჩვენთვის სიკეთეა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც მეუღლეს ღალატობს სინდისის წინააღმდეგ მიდის და მას გონება დაბნელებული აქვს:

„როგორი საშინელებაა ადამიანს რომ უყურებ და ნაღალატები გაქვს შენი მეუღლისთვის. შენ გიღალატია მისთვის და შენმა მეუღლემ ეს ყველაფერი არ იცის. ის გეფერება, უყვარხარ, მაინც შენზე ზრუნავს. შენ გტანჯავს სინდისი, რომ უყურებ და ვეღარც უყურებ ამას. სინდისმა გაიღვიძა შენში. როდესაც ღალატობდი, მაშინ სინდისი არ გქონდა. თუ სინდისი გქონდა, ვერ უღალატებდი შენს მეუღლეს. იმ ცოდვამ გაღალატებინა მისთვის. დაბნელებული რომ გქონდა გონება, იმიტომ უღალატე შენს მეუღლეს.

მეუღლე ჩვენთვის არის ღმერთი, რომელიც ჩვენი ერთგულია, ჩვენთვის სიკეთეა. ასე, როდესაც ადამიანი ღმერთს ღალატობს და მერე მისი სინდისი იწყებს გამოფხიზლებას და გონების თვალი ადამიანს ეხილება, მერე ძალიან უჭირს ადამიანს ამ ყველაფრის ყურება. ღმერთის ღალატი საშინელებაა. ღმერთის ღალატი მარტო ღმერთის უარყოფა კი არ არის, ღმერთის ღალატია ნებისმიერი ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩაიდენს. ღმერთს შევთხოვოთ: „მაპატიე, საშინლად ვიქცეოდი, საშინელ სიბილწეებს ჩავდიოდი.“ ღმერთი ყველაფერს გაპატიებს, ის ყველაფრის მპატიებელია, თუ ადამიანს აქვს სწორი სინანული,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად