Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენ ვინც გწყევლით, გაგინებთ, ის უნდა ლოცოთ...“- დეკანოზი შალვა კეკელია

„თქვენ ვინც გწყევლით, გაგინებთ, ის უნდა ლოცოთ...“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ სხვა ადამიანების მიმართ კეთილი დამოკიდებულების ქონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადამიანებს ურჩია, რომ მათ საკუთარი მტრების შეყვარებაც უნდა სცადონ:

„ღმერთი გავალდებულებთ თქვენი მტრების შეყვარებას, იმათ შეყვარებას, ვინც თქვენ საშინლად გექცევათ. „აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა,“ ანუ თქვენ ვინც გწყევლით, გაგინებთ, ის უნდა ლოცოთ. შენ თუ ეს სიტყვები ვერ გაიაზრე, იმას შეძლებ, რომ მაწყევარს ლოცავდე კი არა, შეიძლება საკუთარო მშობლები და შვილი შეიძულო, თუ ამას კარგად ვერ გაითავისებ. როდესაც ადამიანი ამ სიტყვების არსს ნაწილობრივ მაინც ჩასწვდება, სხვა მადლი და წყალობა მოგივა, სხვა ბედნიერება მოვა, სხვანაირად შეხედავ ადამიანებს. დაინახავ, რომ რასთანაც კი შეხება გაქვს, ყველაფერი ღვისგან გაქვს. ამიტომ გეუბნება ღმერთი, რომ არავინ არ უნდა გიყვარდეს მასზე მეტად, რადგან ყველაფერი მისგან გაქვს. ღმერთი ყოველდღე თავიდან ქმნის შენთვის სამყაროს. შენთვის არის ეს ჰაერი, წყალი. შენგან განადგურებულს და დაბინძურებულს ღმერთი წმენდს ისევ, ღმერთი ეხება ამას. ვისთანაც კარგად ვერ გრძნობ თავს, იმას შენ ძალიან სჭირდები. შენ შეგიძლია მისი ცხოვრება შეცვალო. შენმა სიტყვამ შეიძლება ეს ადამიანი დაალბოს, მისი გული და გონება შეცვალოს.

ერთი ადამიანი ერთი სამყაროა. ერთ ადამიანს რომ ცუდად მოექცე, შენ მთელს სამყაროს ექცევი ცუდად. ერთ ადამიანს რომ მოექცე კარგად და სიკეთით, მთელ სამყაროს ექცევი კარგად. ადამიანი არის ყველაზე ძვირფასი, თუ რამეა ღმერთისგან შექმნილი. ქრისტიანები სწავლობდნენ ადამიანთან ურთიერთობას, მის სიყვარულს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანი გაეხარებინათ, მისთვის სიხარული მიენიჭებინათ. ამას ფიქრობს ქრისტიანი ადამიანი. ღმერთის გარეშე არის ტკივილი, ჯოჯოხეთი და სიმწარე,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად