Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რომ უყვირი და ნერვები გაქვს აშლილი შენს შვილზე, უცბად რომ გააცნობიერებ, რა გაყვირებს ახლა, რა გინდა, ეს უკვე მუშაობის დაწყებაა,“ - თამარ გაგოშიძე

„რომ უყვირი და ნერვები გაქვს აშლილი შენს შვილზე, უცბად რომ გააცნობიერებ, რა გაყვირებს ახლა, რა გინდა, ეს უკვე მუშაობის დაწყებაა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ თანამედროვე მშობლებს შეჩერებისა და საკუთარი ემოციების გაანალიზებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საკუთარ თავში ჩახედვა ადამიანს შეცდომების გაცნობიერებასა და გამოსწორებაში ეხმარება:

„არსებობს ასეთი პროგრამა, მშობლებისთვის ტარდება ტრენინგი, როგორ უნდა გაიგონ ბავშვის ემოცია, თავისი ემოცია და ხელი შეუწყონ ემოციურ რეგულაციას. როდესაც ოცდამეერთე საუკუნეში ჩერდები და შენს ემოციას აანალიზებ, ეს უკვე მუშაობის დაწყებაა. რომ გაჩერდი და შენს თავს შეხედე შუა მომენტში, რომ უყვირი და ნერვები გაქვს აშლილი შენს შვილზე, უცბად რომ გააცნობიერებ, რა გაყვირებს ახლა, რა გინდა, რატომ უყვირი ბავშვს, ეს უკვე მუშაობის დაწყებაა. საკუთარი თავის ანალიზი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგს მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები, მაგრამ შეჩერება და საკუთარი თავის ყურება მნიშვნელოვანია. ამით უკვე საქმე დაწყებული გაქვთ. როდესაც შენს თავს უყურებ, აუცილებლად დაინახავ რაღაცებს, მეორე საქმეა, რა უნდა უყოთ თქვენს აღმოჩენებს. შეიძლება დამოუკიდებლად თავი ვერ დააღწიო იმას, რაც გააცნობიერე, მაგრამ როდესაც პრობლემა იცი, დახმარებაც შეგიძლია ითხოვო.“

თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ ბავშვის პრობლემის მიღმა უმეტესად მშობლის პრობლემა იმალება, რომლის იდენტიფიცირება აუცილებელია:

„ხშირად მშობელს შეფარულად და ზრდილობიანად ვეუბნები, ხომ არ სჯობს თქვენით დავიწყოთ, ჯერ ბავშვს თავი დავანებოთ, ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციას მოგცემთ-მეთქი, ბრაზდება მშობელი, ჩემგან რა გინდათ, ბავშვს მიხედეთო. ძალიან ხშირად პრობლემა მშობელშია. როდესაც ის ამას აცნობიერებს, ეს უკვე ნახევარი საქმეა. დანარჩენი ტექნიკის ამბავია. ყველაზე დიდი დრო პრობლემის იდენტიფიკაციას მიაქვს. თვითონ უნდა დაინახოს ადამიანმა პრობლემა, ფსიქოთერაპევტი ამ დროს ყავარჯენია, ის მხარს უჭერს ადამიანს, რომ პრობლემის ამოცნობამდე მივიდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თამარ გაგოშიძემ მშობლებს სამყაროს ბავშვის თვალით დანახვისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ საკუთარი თავი შვილის ადგილას დააყენონ, რათა მისი ემოციური მდგომარეობის უკეთ დანახვა შეძლონ:

„ბავშვი რომ ტირის, თუ შეწუხებულია, იგნორირება არ უნდა გაუკეთო. თუ შია ან დაიღალა, იგნორირებას ვერ გაუკეთებ მის ტირილს, მხარი უნდა დაუჭირო. თუ კანფეტს ითხოვს, უნდა გაუკეთო იგნორირება, მართალია ერთნაირად ტირის, მაგრამ სიტუაციებში განსხვავებაა. მშობლისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ჩახედვა ამ დროს, თავისი ბავშვობის გახსენებაც. შენ რას გრძნობდი ასეთ დროს? არ გახსოვს ხშირად ეს. როდესაც გეჯაჯგურებიან და გაიძულებენ რაღაც ქნა, უნდა გაიხსენო, თვითონ რას გრძნობდი ასეთ შემთხვევაში.“

„მშობელსაც დაკარგული იდენტობა აქვს. ვერ გაიგო: თან მშობელი უნდა იყოს, თან ცოლი ან ქმარი, თან კარგი კოლეგა, რომელმაც კარგად უნდა იმუშაოს, თორემ სამსახურიდან გამოაგდებენ. სად არის თვითონ მშობელი? ის ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. დღევანდელი მშობლობა გმირობაა. ძალიან დიდი პრესია ამ შეჭმუხნულ დროში მშობელზე, შესაბამისად, ემოციური ვენტილაცია, პირველ რიგში, მშობელს სჭირდება და მერე უკვე ბავშვს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ. 

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად