Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარია, რომ გონივრულობის ფარგლებში მოხდეს შვილიშვილის გათამამება,“- ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია

„მთავარია, რომ გონივრულობის ფარგლებში მოხდეს შვილიშვილის გათამამება,“- ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია

ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებისადმი დამოკიდებულების თავისებურებებს განიხილავს. მისი თქმით, ბებიებმა და ბაბუებმა მშობლებს ბორკილები არ უნდა დაადონ, რათა ბავშვის თვალში მათი ავტორიტეტი არ შელახონ:

​ბებიას და ბაბუას მთავარი ფუნქციაა, რომ საკუთარი შვილი მისი შვილისთვის არ გახადოს ბორკილდადებული მშობელი. მშობლებს უნდა მიეცეთ მშობლობის საშუალება. რადგან მე შენზე ადრე დავიბადე, ბევრი რამ მინახავს და შენზე მეტი გამოცდილება მაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ მე შენს ნაცვლად ვიცი ყველაფერი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელს საკუთარ შვილთან მიმართებაში ცდისა და შეცდომის გამოცდილება ავუკრძალოთ. ერთადერთხელ არის ადამიანი მშობელი საკუთარი შვილისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზღვარი იყოს დაცული. ბებია და ბაბუა საკუთარი შვილის მშობლობას უნდა გაუფრთხილდნენ.“

ნინო ახალაია აღნიშნავს, რომ მშობელს ბავშვთან ურთიერთობისთვის სივრცე აუცილებლად უნდა ჰქონდეს:

„მშობელს უნდა მიეცეს სივრცე ბავშვთან ურთიერთობაში.​ ის, რომ ბებიას ან ბაბუას სხვა პრინციპები აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ის უპირობოდ მართალია. თუ შენ მეკითხები აზრს, მე რჩევას გაძლევ, იმიტომ, რომ შენს ადგილას მე ასე მოვიქცეოდი. რჩევას მაშინ აქვს აზრი, როდესაც გთხოვენ ამ რჩევას. ბებიები და ბაბუები თანმიმდევრულობაში ხელისშემშლელები გამოდიან შვილიშვილისადმი ჰიპერმზრუნველობის გამო. როდესაც ოჯახში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს ზღვარი ძნელი დასაცავია. ყველაზე დიდი შეცდომა ამ დროს არის ის, რომ მშობლის ავტორიტეტს ლახავენ ბავშვის თვალში. მშობელი, შესაძლოა, მართალი არ იყოს, მაგრამ ისეთი ტიპის გამოქომაგება, რომელიც მის ავტორიტეტს შელახავს, მომავალში დამაზიანებელი იქნება თავად ბავშვისთვის. ბავშვმა იცის, რომ თუ რაიმე წესს დაარღვევს, მას თავშესაფარი აქვს ბებიასთან და ბაბუასთან. ამ თავშესაფარში მარტო ბავშვის ნუგეშისცემა კი არ ხდება, არამედ ხდება ბავშვში მშობლის მიმართ დაგროვილი აგრესიის წაქეზებაც.“

„ძალიან კარგია, როდესაც მშობელს არ სჭირდება ძიძა და ბებია-ბაბუას შეუძლია ეს ფუნქცია შეითავსოს, შვილიშვილის ბავშვობა გახადოს უფრო მდიდარი. ​როდესაც მშობლები ბებია-ბაბუასთან ტოვებენ ბავშვს, ნერვიულობენ, რომ ჯანსაღი კვების, ძილის, გაჯეტებთან გატარებული დროის ბალანსი დაერღვეს ბავშვს. ყველაზე მთავარია, რომ გონივრულობის ფარგლებში მოხდეს შვილიშვილის გათამამება. ეს ხომ მოგონებაა ბავშვისთვის. ხისტი წესების დაცვის შემდეგ მას კვირის ბოლოს ბებია-ბაბუასთან განებივრების შესაძლებლობა აქვს. ყველა სახლს თავისი წესი აქვს. ის მურაბა, ის ტკბილეული, გვიან დაძინება, ბევრად სასარგებლოა ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე სახლში ნაჭამი ყოველდღიური ჯანსაღი საკვები,“ - აცხადებს ნინო ახალაია.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად