Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მინდა მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია,“ - თენგიზ ცერცვაძე

„მინდა მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბავშვებსა და ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაღალი მაჩვენებელია:

„ოფიციალურად მას ჰქვია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ​მსოფლიოში ითვლებოდა, რომ ეს იყო ძალიან იშვიათი გართულება. საქართველოში უცებ არის ცნობა, რომ რამდენიმე ათეული ასეთი პაციენტი იყო. მე პედიატრი არ ვარ და ჩემთან არ ხვდებიან ეს პაციენტები. ძირითადად ისინი არიან პედიატრებთან. სამინისტროში გვქონდა შეხვედრა ბატონ ივანე ჩხაიძესთან, რომელიც არის მთავარი სპეციალისტი. მან თქვა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეს შემთხვევები და მათ ნამდვილად ჰქონდათ პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების სინდრომი. რაღაც შემთხვევები რომ იყო, ეს ფაქტია. რამდენად იყო 60 შემთხვევა, მიჭირს თქმა. მსოფლიო სტატისტიკასთან შედარებით 60 შემთხვევა ბევრია.“

თენგიზ ცერცვაძემ ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მრავალფეროვანი სიმპტომატიკისა და რთული მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული სინდრომით არავინ გარდაცვლილა:

„რაც შეეხება მოზრდილებს, იქ გაცილებით ხშირია პოსტკოვიდური სინდრომი. მას ბევრი კლინიკური სიმპტომი ახასიათებს. ყველაზე ხშირად არის საერთო სისუსტე, ტკივილი კუნთების მიდამოში, სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მოვლენები, როგორიცაა: დეპრესია, უძილობა, შფოთვა, თავის ტკივილი, თირკმლის დაზიანების სიმპტომატიკა, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.​ ვარაუდობდნენ, რომ ეს სინდრომი შედარებით იშვიათი იყო. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ის იყო მსუბუქი და მხოლოდ დაკვირვება სჭირდებოდა. ახლახან გამოქვეყნდა ინგლისელების ძალიან საყურადღებო კვლევა. დადგინდა, რომ 29,3 % განკურნებულების შებრუნდა კლინიკაში, მათ შორის თითქმის ყოველი მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე მწვავე კოვიდის დროს. მინდა, მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ არცერთი შემთხვევა პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არ გვქონია.“

„ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროგრამის შექმნაზე, რათა ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ​პაციენტს საშუალება ჰქონდეს მიმართოს კლინიკას, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მკურნალობა. როგორც კოვიდიანი ავადმყოფის გამოკვლევა და მკურნალობა დღეს არის უფასო, ასევე იქნება პოსტკოვიდიანი ავადმყოფებისთვისაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად