Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი ვერ იგებს მეორე ოჯახის წევრი რას განიცდის და უბრალოდ მშრალი წესების დამკვირდება უნდა ოჯახში,“ - რეზო კორინთელი

„ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი ვერ იგებს მეორე ოჯახის წევრი რას განიცდის და უბრალოდ მშრალი წესების დამკვირდება უნდა ოჯახში,“ - რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ოჯახის სიჯანსაღისთვის აუცილებელი ფუნქციების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოჯახი სისტემაა, რომელიც ქვესისტემებისგან შედგება:

​ოჯახი არის სისტემა, რომელიც ქვესისტემებისგან შედგება. ოჯახი აგრეთვე არის ქვესისტემა საზოგადოების. ყველაფერი პატარა ოჯახზე ახდენს ზეგავლენას. ოჯახს აქვს თავისი ფუნქციები. მისი ფუნქციაა სამეურნეო-ყოფითი, ოჯახს უნდა ჰქონდეს სახლი, შემოსავალი. ოჯახის მეორე ფუნქციაა აღმზრდელობითი, ოჯახმა უნდა გაზარდოს თაობა. მესამე ფუნქციაა სქესობრივ-ეროტიკული, ცოლ-ქმარს შორის უნდა იყოს სიყვარული. ოჯახს სჭირდება ემოციები. უემოციო ოჯახი, ჩაკეტილი ოჯახი არ არის ცოცხალი. ადამიანი, რომელიც არ არის ემოციური, ის არ განიხილება ცოცხალ ადამიანად. დღეს მეცნიერება თვლის, რომ ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია ადაპტაციისთვის, ვიდრე კომპიუტერული ინტელექტი.“

რეზო კორინთელის თქმით, ოჯახს ემოციური კავშირი აუცილებლად სჭირდება:

„რას გულისხმობს ემოციური ინტელექტი? ის გულისხმობს საკუთარი ემოციების გამოცნობის უნარს. ის ასევე გულისხმობს სხვისი ემოციების გამოცნობის უნარს, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი და ამ ემოციების მართვის უნარს.​ ეს ოჯახს აუცილებლად სჭირდება. ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი ვერ იგებს მეორე ოჯახის წევრი რას განიცდის ან ბავშვი რას განიცდის და უბრალოდ მშრალი წესების დამკვირდება უნდა ოჯახში.“

რეზო კორინთელის თქმით, ოჯახის სიჯანსაღისთვის მისი სულიერი ფუნქციაც მნიშვნელოვანია:

„ბოლოს არის ოჯახის სულიერი ფუნქცია, ანუ რითი ცხოვრობს ოჯახი, რისთვის ცხოვრობს ოჯახი. თუ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მაშინ ეს ოჯახი არის ჯანსაღი. თუ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის, მაშინ ეს ოჯახი ჯანსაღი არ არის. იმისთვის, რომ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, ოჯახში ნაწილდება როლები. ​აღმზრდელობითი როლი მშობელს ეკუთვნის, ემოციური როლი შეიძლება ბავშვი იყოს.“

„არის ე.წ. დემონსტრაციული ოჯახები, სადაც ყველაფერი კეთდება იმისთვის კი არა, რომ ოჯახმა ერთმანეთთან ურთიერთობაში გაიხაროს, გააძლიეროს ერთმანეთი, არამედ საჩვენებლად, დემონსტრაციისთვის: „აი, როგორი ოჯახი გვაქვს.“ იქ ეს უკვე ნიღბისთვის კეთდება, საჩვენებლად კეთდება. რა თქმა უნდა, ამ ოჯახში უნდა დამალო უარყოფითი, არ უნდა ილაპარაკო ამაზე. „ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს“ და ​იქმნება ორმაგი სტანდარტები. ერთი სინამდვილეა გარემოსთვის, მეორე სინამდვილეა შიგნით. ვთქვათ, ოჯახი მალავს ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობას. თუ ავადმყოფობას ჩვენ განვიხილავთ, როგორც უბედურებას, ვფიქრობთ: „არ გაგვიმართლა და ბავშვი ავად გახდა.“ ამ ავადმყოფობაში მთელი ოჯახია მონაწილე. შემთხვევით ავადმყოფობა არ ხდება, სომატურ ავადმყოფობაზეც ვამბობ,“ - აღნიშნულ საკითხზე რეზო კორინთელმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად