Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ მეთოდით ჩვეულებრივი იმერული ყველისგან დელიკატესის მიღება შეგვიძლია - ანა მიქაძე-ჩიკვაიძის რჩევები

ამ მეთოდით ჩვეულებრივი იმერული ყველისგან დელიკატესის მიღება შეგვიძლია - ანა მიქაძე-ჩიკვაიძის რჩევები

ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ფერშეცვლილი ყველის შენახვის წესებზე ისაუბრა:

„როდესაც ყველს უკვე შეუყვითლდა კანი, მე ამას არ ჩავთვლიდი ყველის გაფუჭებად. პირიქით, ამ კანს კიდევ უფრო გავაძლიერებდი, გავამხნევებდი ამ პროცესს. ჰაერზე დავდებდი ყველს და დავიწყებდი მის მოქერქებას. შეიძლება თაფლიც გადამესვა, ცივ ამინდში გარეთ გამეტანა, მერე ისევ შემომეტანა სითბოში. ​ყველი საზიანო იქნება, თუ ზედმეტი ობი წამოვა მასზე, ობი, რომლის რაგვარობაც არ ვიცით.“

ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ იმერული ყველისგან დელიკატესის მიღების ხრიკიც გაგვაცნო:

„ყველს, რომელიც არის მოწყენილი და კანზე მეწეპება, გადავბანდი, ცოტა ძმარსაც დავამატებდი, რომ საშუალება არ მიმეცა ბაქტერიების გამრავლებისთვის. თუ მინდა, რომ ყველი მოვაქერქო და ჩვეულებრივი იმერული ყველისგან ტრადიციულად მოქერქილი ყველი მივიღო, ყველს დავტოვებდი ჰაერზე, ოღონდ მიკროკლიმატს გავუკეთებდი. იმისთვის, რომ ქერქიანი ყველი მივიღო კონტეინერში ვასხამ ჩვეულებრივ წყალს, დაბლა ჩავდებ ჩვეულებრივ ხის საჭრელ დაფას, რომელსაც პერიოდულად ცეცხლზე გამოვწვავ, ყველს პერიოდულად ვწმენდ ზეთით და ძმრით. ჩ​ვეულებრივი იმერული ყველისგან შეგვიძლია მივიღოთ დელიკატესი. ჩემი ღრმა რწმენით, ყველი არ ფუჭდება, უბრალოდ ის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის.“

„თუ ყველი ვიყიდეთ და მლაშე აღმოჩნდა, ჯამში ჩავასხათ ერთი ლიტრა წყალი, ჩავდოთ ყველი, ზედაპირი დავფაროთ, დავამატოთ ძმარი და ცოტა შაქარი. მეორე დღეს მარილი დასამატებელი გექნებათ,“- აღნიშნულ საკითხზე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“



წაიკითხეთ სრულად