Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეხედეთ თქვენს საყვარელ ქალებს ამ თვალით, ცოლებმაც სხვა თვალით შეხედეთ თქვენს ქმრებს,“ - შალვა ამონაშვილი

„შეხედეთ თქვენს საყვარელ ქალებს ამ თვალით, ცოლებმაც სხვა თვალით შეხედეთ თქვენს ქმრებს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ადამიანებს ურჩია კოვიდ-19-ის პანდემიას სხვა კუთხით შეხედოთ და კრიზისი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ:

„კორონავირუსი ერთი მხრივ უბედურებაა. ვის უხარია ვირუსი? ეს არის ყველასთვის უბედურება. მოდი, შევხედოთ ამას სხვა მხრივ, სხვა თვალით. აგერ კაცმა ჩემი ცოლი დავინახე, თურმე რა კარგი ცოლი მყოლია. მე სამუშაოზე გავრბოდი, მოვრბოდი. ვუყურებდი თითო-ოროლა საათით და თურმე რამდენი სათნოება ყოფილა მასში. შეხედეთ თქვენს საყვარელ ქალებს ამ თვალით. ცოლებმაც სხვა თვალით შეხედეთ თქვენს ქმრებს. იქნებ აქვთ იმათ ისეთი ღირსებანი, რაც ვერ მოასწარით, რომ დაგენახათ მათში.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მან მეუღლის ბოლომდე გაცნობა თანაცხოვრების მაძილზე ვერ შეძლო:

​30 წელიწადი ვიცხოვრე ვალერიასთან, მაგრამ მაინც ვერ ამოვწურე მასში მისი ამოუწურავი, საოცარი თვისებები. მისი კეთილი თვისებები ამოუწურავი იყო ჩემთვის. შეხედეთ ერთმანეთს ასე და დაინახავთ, რომ ერთმანეთისთვის ახლები ხართ. კაცი ამ კორონავირუსის პირობებში გადაიფიქრებს თავის ძველ აღრენილობებს ოჯახის მიმართ.“

„ცოლიც ცოტა სხვა თვალით შეხედავს გარემოს, გამოიყვანს ოჯახს გაჭირვებიდან. თუ გაჭირვებული ხარ და გინდა, რომ გაჭირვება მოგცილდეს შენ, სხვას გაუწოდე შენი გაჭირვებული ხელი, იმას დაეხმარე. ნახე რამდენი მოგივა! თუ დარდი შემოგეყარა გულს, სხვას გადაუყარე დარდი და ნახე, როგორ გადაგეყრება შენ დარდი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად