Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები ამბობენ: რაც ფუტკრის რძის მიღება დავიწყეთ, ბავშვები ბაღში არ ცივდებიან,“ - მეფუტკრე ლადო ვარდოსანიძე

„მშობლები ამბობენ: რაც ფუტკრის რძის მიღება დავიწყეთ, ბავშვები ბაღში არ ცივდებიან,“ - მეფუტკრე ლადო ვარდოსანიძე

მეფუტკრე ლადო ვარდოსანიძემ ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია:

„ყველაზე გამორჩეული პროდუქტი არის ფუტკრის რძე. ეს ზოგადად დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ეს მოთეთრო-მოყვითალო ფერის ბლანტი მასაა. მუშა ფუტკარი და დედა ფუტკარი ერთი და იმავე კვერცხიდან იჩეკება. დედა ფუტკარი ბარტყობიდანვე რძით იკვებება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ასე გრძელდება. მუშა ფუტკარი ბარტყობის პერიოდში მხოლოდ სამი დღე იკვებება რძით. მუშა ფუტკარი აქტიურ სეზონში ცოცხლოს 45 დღე. ზამთარში - 180 დღე. დედა ფუტკარი ცოცხლობს რამოდენიმე წელიწადი. განსხვავება მხოლოდ კვებაშია. ​გარდა ამისა დედა ფუტკარი ერთია სკაში და მასზეა მთელი სკა დამოკიდებული. ის სეზონზე დღეში დებს 1500-დან 2000-მდე კვერცხს ყოველდღიურად. ეს რამხელა დატვირთვაა მისი ორგანიზმისთვის წარმოიდგინეთ.“

„რძე არის ცილების, ამინომჟავების ნაკრები. მისი მიღებისთანავე იგრძნობა, როგორი ენერგიაა. მშობლები ამბობენ: რაც ფუტკრის რძის მიღება დავიწყეთ, ბავშვები ბაღში არ ცივდებიან. დღეში ნახევარი გრამი უნდა მიიღონ. ეს არის ბუნებრივი, სუფთა პროდუქტი. მასში არანაირი მინარევი არ არის. არის ზუსტად იმ სახით, როგორსაც ფუტკარი გამოყოფს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლადო ვარდოსანიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად