Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ბავშვზე ზრუნვისთვის,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ბავშვზე ზრუნვისთვის,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის დაშინების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები ასე საკუთარი კომფორტის გამო იქცევიან:

„საბოლოოდ ვებრძვით იმ ბიოლოგიურ ფენომენს, რომელსაც ჰქვია დაცულობა. თუ ბუა წამიყვანს, თუ მეტკინება, თუ დავეცემი, მაშინ როგორღა მიცავ?! ეს დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ზრუნვისთვის. მაგალითად, კარადაა ოთახში. როგორ გავიგო კარადის თავზე რა არის, თუ არ ავძვერი. ამიტომ ვიწყებ რაღაც ფორმით იქ აძრომას. გვერდით მყოფი მოზრდილი აუცილებლად უნდა დამეხმაროს, ამწიოს, ცოცვაში მომეხმაროს, რომ დავიკმაყოფილო მოთხოვნილება და გავიგო რა არის იქ. ​ნაცვლად იმისა, რომ ავდგე და ბავშვს მივეხმარო, არ მინდა, რომ ავდგე და ბავშვს ვეუბნები: „არ ახვიდე.“ ბავშვი შეძვრა ავეჯის ქვეშ, მეუბნება, რომ შევძვრე. მე მიჭირს დაკუზვა, ამიტომ ვეუბნები: „გამოდი მანდედან, ეს არ არის სათამაშო ადგილი." ჩვენს კომფორტზეა ეს აწყობილი და არა ბავშვის.“

„რომ ვირბინო, არაფერი მოხდება, მაგრამ უცებ ყურში მესმის: „არ ირბინო, თორემ დაეცემი, გაოფლიანდები." ნეგატივით ხდება შეზღუდვა რაღაც ქმედების. მე თავს ვიბევებ წინასწარ, რომ ბავშვი სადღაც, როდესღაც აუცილებლად დაეცემა. როგორც კი დაეცემა, მაშინვე მზად ვარ, რომ ვუთხრა: ხომ გეუბნებოდი,“ - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო:​ „ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად