Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველ დილით წვიმაში, თოვლში, ქარში შევდივარ ზღვაში და ვბანაობ, გრიპი რა არის, არ ვიცი,“- 67 წლის ბათუმელი ქალი რვა წელია ზღვის ცივ წყალში კაჟდება

„ყოველ დილით წვიმაში, თოვლში, ქარში შევდივარ ზღვაში და ვბანაობ, გრიპი რა არის, არ ვიცი,“- 67 წლის ბათუმელი ქალი რვა წელია ზღვის ცივ წყალში კაჟდება

67 წლის თამარ ბერიძე ზამთარში ზღვის ცივ წყალში აქტიურად კაჟდება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თავისი გამოცდილება მან საზოგადოებას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გაუზიარა:

„მერვე წელია დავდივარ ზღვაზე და ვბანაობ. ეს აქტივობა ჩემმა პრობლემებმა გადამაწყვეტინა. მტკიოდა ხერხემალი, გადამიწყვიტეს ოპერაციის გაკეთება. მე არ მოვინდომე გაკეთება და მირჩიეს, რომ ყოველ დილით უნდა იარო ზღვაზე და იბანაოო. ზამთარში ბათუმში ისეთი ყინვები არ არის, რომ ვერ შეძლო შესვლა წყალში. ამან პრობლემა მომიგვარა. ძალიან კმაყოფილი ვარ.“

თამარ ბერიძის თქმით, ეს ნებისმიერ ამინდში შედის ზღვაში და ბანაობს:

„ყოველ დილით წვიმაში, თოვლში, ქარში შევდივარ ზღვაში და ვბანაობ. მოვდივარ დიდი ენერგიით დამუხტული, ყველანაირი პრობლემისგან გათავისუფლებული მოვდივარ სახლში და იქ ჯან-ღონით სავსე ბევრ საქმეს ვაკეთებ. როდესაც ჩავდივარ ზღვაში 10-15 წუთი ვჩერდები. პატარ-პატარა ვარჯიშებს ვაკეთებ.“

„სანამ ზღვაზე სიარულს დავიწყებდი ხშირ-ხშირად ვცივდებოდი. რაც ბანაობა დავიწყე, მას მერე გრიპი რა არის, არ ვიცი. თუ რამე გრიპი გამიჩნდა, მაინც შევდივარ ზღვაში, ვბანაობ და მალე გამოვდივარ მდგომარეობიდან. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. ეს ცოცხლად მოვლენილი წყალობა გვაქვს ღმერთისგან - ზღვა. გადალახეთ შიშის პრობლემები. გამოდით ზღვაზე, სუფთა ჰაერზე იარეთ, იბანავეთ და ყოველგვარი პრობლემა მოგვარდება,“ - განაცხადა თამარ ბერიძემ.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად