Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა დავუშალოთ თუ არა ბავშვს სათამაშო იარაღით თამაში? - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი

უნდა დავუშალოთ თუ არა ბავშვს სათამაშო იარაღით თამაში? - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტმა სალომე საბიაშვილმა ბავშვებში სათამაშო იარაღით თამაშის სიყვარულის შესახებ ისაუბრა და ის შემთხვევები დაასახელა, როდესაც მშობელი მსგავს თამაშს ყურადღებით უნდა მოეკიდოს:

„თუ რაღაც აკვიატებულ ხასიათს ატარებს, უნდა დააკვირდეთ. ომობანას თამაში არის თამაშის ერთ-ერთი ტიპი. მშობელი აკვირდება, რამდენად აგრესიულია ეს თამაში. ესეც განვითარების ეტაპია და გოგოებიც თამაშობენ და ბიჭები განსაკუთრებულად. თუ ეს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ეხმიანება, ამ შემთხვევაში აქ საშიში არაფერი არ არის.“

„თუ ეს გადადის აგრესიაში, ფიზიკურ აგრესიაზე გადადიან ბავშვები, აქ სახეზე გვაქვს გადამეტებული აგრესია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოხატოს ბავშვმა და იმიტომ გამოხატავს. როდესაც ბავშვი სათამაშოს აზიანებს, აქაც აგრესია დაუგროვდა მას დღის განმავლობაში. ეს ემოცია არსად არ ქრება, ვეღარ იტევს, ფიქრობს რა გააფუჭოს. რაც შეეხება სათამაშოების აწყობას და დაშლას, ეს განვითარების ეტაპია და მოტორულ ფუნქციებს, კოგნიტურ უნარებს ავითარებს. ძალიან კარგია, თუ ბავშვი იჩენს ინტერესს, რომ დაშალოს სათამაშო,“- აღნიშნულ საკითხზე სალომე საბიაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად