Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს შვილებთან დაკავშირებით სულ ასე ვლოცულობ: ღმერთო, მომეცი გონიერება ჩემს შვილებთან ურთიერთობისა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შვილებთან დაკავშირებით სულ ასე ვლოცულობ: ღმერთო, მომეცი გონიერება ჩემს შვილებთან ურთიერთობისა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ შვილებთან ურთიერთობისას სიბრძნის და გონიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც პატიებასა და შენდობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხმა არ ამოიღო, სადაც საყვედურია სათქმელი, იქ საყვედური არ თქვა. სხვა ყველანაირ ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ და შვილებთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ, შვილს არ შეიძლება სულ ეფერო და შვილს არ შეიძლება სულ ეჩხუბო. ასეთი რამ არ შეიძლება.“

„ჩემს შვილებთან დაკავშირებით სულ ასე ვლოცულობ: „ღმერთო, მომეცი გონიერება ჩემს შვილებთან ურთიერთობისა.“ სულ ამას ვთხოვ ღმერთს. როდესაც ვფიქრობ, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ჩემს შვილებთან, სულ ამას ვთხოვ ღმერთს: „ღმერთო, მომეცი სიბრძნე ჩემს შვილებთან ურთიერთობისა.“ ზოგჯერ ადამიანი რომ აშავებს და მე იმ დანაშაულში წავახალისებ, შეიძლება ჩემი შვილი მიეჩვიოს ამ დანაშაულს და მერე უფრო საშინელი დანაშაულები ჩაიდინოს. ეს ხომ მასაც დააზიანებს, საზოგადოებასაც დააზიანებს ჩემი დათმობის გამო, არასწორად რომ დავუთმე ჩემს შვილს. ამან შეიძლება დიდი ბოროტება მოუტანოს. სულ რომ ვეფერო ჩემს შვილს, რაღაც რომ დააშავა და ამ დაშავების დროს, რომ ვეფერო, ამან შეიძლება ცუდი შედეგი მოიტანოს. შუალედი უნდა დავიცვათ. ეს სიბრძნე უნდა ვითხოვოთ ღვთისგან: რა დროს უნდა ამოიღო ხმა, რა დროს არ უდნა ამოიღო ხმა, რა დროს უნდა დაელაპარაკო და რა დროს არა,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​„მედიაკავშირი ობიექტივი“

წაიკითხეთ სრულად