Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„უმადურ ადამიანს არ შეუძლია, რომ სიკეთე დაინახოს, ამის გამო არ დაგენანოთ სიკეთის კეთება,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„უმადურ ადამიანს არ შეუძლია, რომ სიკეთე დაინახოს, ამის გამო არ დაგენანოთ სიკეთის კეთება,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვების დაუნახავობამ ან უმადურობამ ადამიანი არ უნდა დააბრკოლოს, მან კეთილი საქმეების კეთება ყველაფრის მიუხედავად უნდა განაგრძოს:

„უმადურ ადამიანს არ შეუძლია, რომ სიკეთე დაინახოს, ამიტომ შენც არ უნდა დაგწყდეს გული, როდესაც ვიღაც შენ სიკეთეს ვერ დაინახავს. არ უნდა ატეხო განგაში იმის გამო, რომ შენი სიკეთე ვერ დაინახეს. შენ კი არა, ქრისტეს არ დაუნახეს სიკეთე. განკაცდა ღმერთი ჩვენთვის, ჯვარცმა დაითმინა ჩვენთვის, სახეში შეანერწყვეს ჩვენთვის, ღმერთს ეს არაფერი არ სჭირდებოდა. შენთვის გააკეთა მან ყველაფერი და ღმერთის ეს სიკეთეები არ დაინახეს.

ვინც უმადურია, ისინი თქვენს სიკეთეს ვერ დაინახავენ. თქვენ სიკეთეს ასეთი ადამიანი დაგიპირისპირებთ თქვენ. ასე მოექცნენ ქრისტეს და რატომ გიკვირს, რომ შენ შეიძლება ასე მოგექცნენ? ადამიანებს, რომლებიც სიკეთის კეთებას ნანობენ, მე ვურჩევ, რომ არ უნდა დაგენანოთ სიკეთის კეთება. შენ სიკეთის კეთება არ უნდა დაიშურო, შენ არ უნდა შეწყვიტო სიკეთის კეთება. ეშმაკის მიზანი სწორედ ეს არის, რომ შენ გაგაჩეროს. უმადური ადამიანების გამო, რომ ხედავ ისინი ამას ვერ ხედავენ, ამან არ უნდა დაგაბრკოლოს. შენ ბოლომდე შენი საკეთებელი უნდა აკეთო და უკან არ უნდა დაიხიო. რაც სწორია, მთელი ცხოვრება ის უნდა აკეთო, მიუხედავად იმისა, ამას დაინახავენ თუ არ დაინახავენ ადამიანები,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო:​ მედია-კავშირი „ობიექტივი“

წაიკითხეთ სრულად