Baby Bag

არასდროს შეწყვიტოთ თქვენი შვილების გაღიმების მცდელობა… ეს ყველა დედისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს

არასდროს შეწყვიტოთ თქვენი შვილების გაღიმების მცდელობა…  ეს ყველა დედისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს

დედების დღის გრაფიკი ძალიან დატვირთული და დამღლელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის შესრულება ნებისმიერმა მშობელმა ყოველდღიურ აუცილებლობად უნდა მიიჩნიოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, არასდროს შეწყვიტოთ თქვენი შვილების გაღიმების მცდელობა.

ერთი გაღიმება ბავშვის მთელი დღის განწყობას ცვლის. როდესაც საქმეში ხართ გართული და თქვენი შვილების კვებაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობთ, ერთი წამით შეჩერდით, ბავშვებთან მიდით და ეცადეთ, რომ ისინი გააღიმოთ.

შვილის ერთი გაღიმება თქვენს ყურადღებას დროებით გადაიტანს იმ უამრავი პრობლემისგან, რომლითაც ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა ნამდვილად დახუნძლულია. პრობლემებისგან მცირე შესვენება ყველასთვის აუცილებელია.

სიცილი და ღიმილი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარება, როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებსაც.

თქვენი ერთი გაღიმება ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მოგწონთ, გიყვართ. თქვენი ღიმილი და დამოკიდებულება მასაც გადაედება. ოჯახში ღიმილისა და სიცილის საოცარი ჯაჭვი შეიქმნება, რაც ყველას გაგაბედნიერებთ.

ბავშვის ღიმილიანი სახე დედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს. არასდროს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ თქვენი შვილები გააღიმოთ და გააცინოთ. მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გაქვთ, ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა ყოველდღიურად ღირს.

წყარო:​ imom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვთან ურთიერთობაში უპირობო სიყვარულთან ერთად აუცილებელია კონტროლიც,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბავშვთან ურთიერთობაში უპირობო სიყვარულთან ერთად აუცილებელია კონტროლიც,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

​ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ბედნიერი ბავშვობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვი ბედნიერია მაშინ, როდესაც ის ოჯახისგან უპირობო სიყვარულს იღებს:

“ბედნიერი ბავშვობა ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა ოჯახში მიიღოს უპირობო სიყვარული, ანუ ცნონ ის, როგორც პიროვნება. უპირობო სიყვარული ნიშნავს: „როგორიც უნდა იყო, შვილო, მე შენ მაინც მიყვარხარ.“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტროლი იყოს უგულებელყოფილი. აუცილებელია, ​ბავშვმა მიიღოს სითბო დიდი დოზით, მაგრამ მას უნდა შეესაბამებოდეს გარკვეული პროცენტული მონაცემები კონტროლის. 100 %-დან პირობითად 80 % იყოს სითბო და 20 % იყოს კონტროლი. კონტროლი ნიშნავს კრიტიკული ცნობიერების არსებობას ყველა ურთიერთობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ნათქვამს უპირობოდ მივყვებით, ჩვენ, როგორც ჩვენ იქ არ ვიმყოფებით. როგორც მე იქ ვიკარგები და ვითქვიფები მეორე ადამიანთან, პიროვნულობა იკარგება.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ურთიერთობაში სითბოს გარდა კონტროლიც აუცილებელია:

​ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია სითბოს დიდი წილი და ამავე დროს კონტროლიც. უპირობო მორჩილება ნიშნავს, რომ ადამიანის პიროვნულობის გამოვლენაზე ხდება ძალადობა. ​კრიტიკული ცნობიერების გარეშე არ შეიძლება ადამიანებს შორის პროდუქტიული ურთიერთობის არსებობა. ბავშვებთან კი ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულთან ერთად არსებობდეს კონტროლი. თუ არის არასაიმედო მიჯაჭვულობა, ბავშვს აქვს შიში, რომ მშობელს დაკარგავს, მშობელი მას უგულებელყოფს, არ მიიღებს. ბავშვი, როდესაც აგრესიას გამოხატავს, ოპოზიციურ ქცევას გამოხატავს მშობლის მიმართ, მშობელი კი ამით გაღიზიანდება ან გაბრაზდება და ბავშვს ხელით შეეხება, ამ დროს ბავშვი მშობელთან ტაქტილური შეხების მოთხოვნილებას ნეგატიურად იკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ბავშვთან გზა გავუხსნათ მაზოხისტურ მოთხოვნილებებს. ეს არის ძალიან სახიფათო. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ესაა, რის გამოც ფიზიკურ შეხებაზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ.“

ნანა ჩაჩუა აღნიშნავს, რომ დასჯის მიზნით ბავშვისთვის ტკივილის მიყენება დაუშვებელია:

​ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია, რომ დასჯის მიზნით ბავშვს მივაყენოთ ტკივილი. უფრო საინტერესოდ მეჩვენება, რატომ უჩნდება მშობელს იმის იმპულსი, რომ ბავშვს ფიზიკურად შეეხოს. მშობელი ამ შემთხვევაში თვითონ ვერ აყალიბებს თავის მოსაზრებას, თავის პოზიციას, თავის სათქმელს, ამიტომაც გამოხატავს აგრესიას. პირველ რიგში, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ლაპარაკი, ჩვენი განცდის, ჩვენი გრძნობის, ჩვენი ემოციის გამოხატვა.“

„ჩვენ უნდა ამოვიცნოთ, რა მოთხოვნილებები აქვს ბავშვს და რის დაკმაყოფილებას ცდილობს. მშობლებმა ხშირად იციან თქმა: „ენა შემომიბრუნა, მეტლიკინება,“ ამის იქით რაღაც არის ისეთი. ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ. ჩვენ თვითონ უნდა დავადგინოთ ამ დროს, რა გვეშლება ჩვენ, უფროსებს. დასჯა უშუალოდ ქმედებას კი არ უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გაანალიზებული ვითარება და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დასჯასა და ​წახალისებაზე. ბავშვის შექებაც არ უნდა იყოს გადაჭარბებული. თუ ბავშვი რამეს არ აკეთებს, კი არ უნდა ვუთხრათ: „რატომ არ გააკეთე?“ უნდა გავიკვირვოთ და ვკითხოთ: „ეს შენ როგორ მოგივიდა?“ მას ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მისგან ცუდი ქცევა გამონაკლისია. ამ გამონაკლისს ის უკვე აღარ გაიმეორებს,“ - აცხადებს ნანა ჩაჩუა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად