Baby Bag

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღეს: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღეს: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღესაც: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო. ეძებე იმ დამოკიდებულებაში, რომელიც სუფევდა შენი მხრიდან ოჯახში. არავისში არ ეძებო ეს. შენ, ვისაც გითხრეს ეს, იმან მოიძიე შენს თავში, სად არის ამის ნიადაგი, სად მომზადდა. შენ ადრესატი ხარ უკვე იმისი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის განცდების ამოცნობა.

რელიგიაში რომ ამბობენ: „განსაცდელი მადლია,“ ეს ფათერაკიანი მომენტი ასე მადლად უნდა ექცეს ადამიანს. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ხელს რომ გავუწვდით, ამითი შეიძლება ერთმანეთი ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. მე რომ ხელი გამომიწოდე, შენც გაიარე შენი ადამიანური ვალდებულებების ბეწვის ხიდი ამ დროს, შენც გაიმარჯვე. ადამიანები ამ ქმედებაში იზრდებიან. კარს რომ მიუხურავ ადამიანს, რომელმაც გული გატკინა, გუშინ არ გააკეთა რაღაც კარგი, შენს თავს დაუხურე შენი მაღლა სვლის კარი, შენი პიროვნული ზრდის შესაძლებლობა ჩაახშე. საკუთარი თავის მტრობაა ეს. ავტორიტარულობა არის დამანგრეველი თავად იმ სუბიექტისთვის, ვინც ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ავტორი გახლავთ, ეს არის თვითგამანადგურებელი. მერე ვერ ხვდებიან ადამიანები, რატომ არიან ცხოვრებაში ნაკლებად ბედნიერები. ამიტომ მხოლოდ, რომ მუშტის დაკვრა მოგინდა მაგიდაზე, მოგინდა, რომ საკუთარი ძალაუფლება განგევრცო მეორე ადამიანზე, თუნდაც შვილი იყოს. შვილი არ არის საკუთრება. ის ისეთივეა, საპატივცემულო ადამიანია, შენგან დამოუკიდებელია. მე იმის მიხედვით კი არ უნდა მოვექცე მავანს, როგორ იმსახურებს ის, არამედ უნდა მოვექცე ისე, როგორც მე მეკადრება,“- აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

წყარო: ​„ქართული არხი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად