Baby Bag

„როდესაც დედის ბავშვზე მზრუნველობა გადაჭარბებულია, პარტნიორთან ურთიერთობაც იძაბება,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი

„როდესაც დედის ბავშვზე მზრუნველობა გადაჭარბებულია, პარტნიორთან ურთიერთობაც იძაბება,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი

ფსიქოლოგმა მერი გელაშვილმა მშობიარობის შემდგომ ქალის ცხოვრებაში არსებულ გამომწვევებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა:

„ქალბატონები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მეუღლის შენიშვნაზე, დაგვიანებაზე ამ დროს. გადანაწილებული მზრუნველობის პროცესი, ემოციური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მამის ფუნქცია არის საზღვრის დადგენა. თუ დედას აქვს განცდა, რომ ის ბავშვმა შთანთქა მთლიანად და მას სხვა არანაირი როლი აღარ აქვს, მამა არის საზღვრის შემომტანი. მამის ფუნქცია, როგორც გამყოფის, რომ დედა ბავშვის მიერ არ იყოს შთანთქმული და ბავშვი დედის მიერ, არის მნიშვნელოვანი. როდესაც დედის ბავშვზე მზრუნველობა გადაჭარბებულია, პარტნიორთან ურთიერთობაც იძაბება. რატომ უჩნდებათ მეუღლეებს განცდა, რომ „მეც მომაქციე ყურადღება?!“ დედა შეიძლება იმდენად იყოს ორიენტირებული ბავშვზე, რომ მას არაფერი ავნოს, რომ საკუთარ ქალურ ფუნქციაზე უნებურად ამბობს უარს.“

„გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის ფსიქოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს ორსულებისა და ახალნამშობიარები ქალბატონებისთვის ამ პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. ოჯახში მზრუნველობა და დრო ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ ქალმა საკუთარ თავს გამოუყოს დრო. ქალმა ყველა მოთხოვნილებაზე „არა“ არ უნდა უთხრას საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია დედამ გააცნობიეროს, რომ ამ ფუნქციაში მას არავინ ეცილება. ქალბატონებმა ანალიზის, ფიქრის საშუალებით უნდა აღმოაჩინონ, რომ ბავშვზე ზრუნვის გარდა მათ აქვთ უამრავი სხვა ფუნქცია, რომელიც ბავშვის გაჩენასთან ერთად არ ქრება. ისინი ისევ რჩებიან საყვარელ ქალებად მეუღლეებისთვის, ისინი კვლავ არიან თანამშრომლები, მეგობრები. ამ ფუნქციების წამოწევა დიდ დამხმარე როლს ასრულებს ამ შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თანამედროვე სამყაროში მარტო კარგი ოჯახის ქალობა არაფრით არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

„თანამედროვე სამყაროში მარტო კარგი ოჯახის ქალობა არაფრით არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა მეუღლეებს შორის ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე მეორეს მიმართ ინტერესს კარგავს, ეს უმეტესად არათანაბარი განვითარების ბრალია:

„არსებობს ადამიანის განვითარების სხვადასხვა დონე. რაც უფრო მაღალ დონეზეა მამაკაცი, მას მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება. მაგალითად, დაქორწინდნენ ორი ძალიან საყვარელი, მშვენიერი ქალი და კაცი, დაიწყეს ერთად ცხოვრება. ​ქალი ბავშვებს აჩენს, ოჯახს უვლის და ა. შ. კაცი პროფესიაში ვითარდება და სოციალურად უფრო და უფრო მაღალ დონაზზე ადის. რაც უფრო მაღალ დონეზეა კაცი, მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება ამ თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად.“

ინგა ბლესსის თქმით, ქალბატონები ხშირად ოჯახურ საქმეებში ეფლობიან და განვითარებისთვის დრო არ რჩებათ:

„ცოლი მეუღლის განვითარებას 90 % შემთხვევაში ვერ მიჰყვება, იმიტომ, რომ ის სხვა რაღაცებით არის დაკავებული. ​ოჯახურ, საყოფაცხოვრებო საკითხებში ვეფლობით ხოლმე, სამწუხაროდ. ვთვლით, რომ როგორც მაგიდა არსად გაიქცევა, ისე კაციც არსად წავა, რადგან ორი შვილი გავუჩინე. ქალიც გაიქცევა და კაციც, როდესაც მისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის.“

„როდესაც კაცი გაიზარდა, ქალი ვერ მიჰყვა, უკვე იმას სჭირდება, რომ საერთაშორისო პოლიტიკაზე შეგეძლოს საუბარი. ​შენ მარტო წვნიანის მოხარშვა იცი, მეტი არაფერი. კარგი, ბავშვები სუფთად არიან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში მარტო კარგი ოჯახის ქალობა არაფრით არ არის საკმარისი. ძნელი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ზრდა უნდა მოხდეს ერთნაირად. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო:​ IBEL ACADEMY

წაიკითხეთ სრულად