Baby Bag

„ბავშვს მამა აუგად არ უხსენო, ნუ დაუწყებ მამას ლანძღვას,“- შალვა ამონაშვილი

„ბავშვს მამა აუგად არ უხსენო, ნუ დაუწყებ მამას ლანძღვას,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთზე აუგი არ თქვან:

„ნუ დაუწყებთ მამას ლანძღვას. ბავშვს მამა აუგად არ უხსენო. როგორც არ უნდა დაცილებულიყავით, დაცილდით დაცილდით, რა ვქნათ, არ უნდა მომხდარიყო ასე და მოხდა, ხომ?! მტრები რატომ უნდა გახდეთ, როდესაც შვილი საერთო გყავთ?! რაღაც წლები ერთად გაატარეთ, ეს ცხოვრება უნდა ჩავწიხლოთ? არ შეიძლება ასე. იმაში რაღაც კარგი ხომ იყო?! ის დავაფასოთ მეტად. ბავშვს მამაზე აუგი არ უთხრა, რომ მამა ლოთი იყო, ფულს არ გვაძლევდა. ასეთი რაღაცები თუ უთხარით ბავშვს, იმ ტოტს ჭრით, რომელზეც აღზრდაა ჩამოკიდებულებული.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, ბავშვი მშობლების პრობლემებით არ უნდა დამძიმდეს:

„ბავშვი მამის სანახავად თუ წავა, მის ახალ ოჯახს ნახავს, მეორე ძმებსა და დებს ნახავს, როგორ, გინებით უნდა გაუშვა, რომ იქ არ შეიყვანოს, არ გააცნოს?! პირიქით, ბავშვს უთხარით: ისინი შენი ძმები და დები არიან, ერთი მამის შვილები ხართ, უნდა გიყვარდეს. ის ქალიც უნდა გიყვარდეს, წაუღე ნამცხვარი. თუ ბავშვის აღზრდა გინდა, ასეა. თუ შენი პირადი განცდებისგან განმუხტვა გინდა, მაშინ იყვირე და იწივლე, არც სახლში შემოუშვა, სიძულვილი ჩაუნერგე ბავშვს მამის მიმართ და რასაც მიიღებ დაინახავ 10 წელიწადში.“

„ძვირფასო მამა, წახვედი? ღმერთმა ბედნიერად გატაროს ცხოვრების გზებზე, ოღონდ აღარ გააუბედურო მეორე ოჯახიც, მესამესკენ არ გაიქცე. იციან ასე წანწალი ზოგიერთმა მამებმა და აუბედურებენ ქალებს. სადღაც უნდა დაუდო გული, რომ კაცად იქცე. თუ ბავშვს წაიყვან სახლში შენთან, არ გააკეთო ბავშვისთვის იმაზე მეტი, რაც შენს ყოფილ მეუღლეს შეუძლია გაუკეთოს. არ გააკეთო ისეთი რამ, რომ, აი, როგორი კარგი ვარ მე და დედა როგორი გყავს, აი, რატომ გამოვიქეცი მე სახლიდან. ამით ბავშვს ცუდ გზაზე დააყენებ. ის გაღიზიანებული მოდის სახლში, რომ მამამ ასეთი რამ უყიდა, დედა კი უკრძალავს ბევრ რამეს. დედა ზრდის შვილს, არ შეუშალო დედას ხელი! ბავშვს რომ დააბრუნებ უკან, თაიგული მიართვი შენს ყოფილ მეუღლეს. შვილი გაგიჩინა, არ ღირს შენს პატივისცემად?! ბავშვს უთხარი, რომ გიყვარს დედა ძალიან, მაგრამ ასე მოხდა. თუ ასე ერთმანეთს დააფასებთ, ბავშვი გაგეზრდებათ ორივეს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში ქალია დომინანტი, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,“ - მარიამ კუბლაშვილი

„ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში ქალია დომინანტი, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,“ - მარიამ კუბლაშვილი

ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:

„პროფესია უნდა დავტოვოთ გარეთ. ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში, ვფიქრობ, ქალია დომინანტი. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.​ პირველ რიგში, საჭიროა მოთმინების უნარი და უნარი, რომ არ აფეთქდე. ის მომენტი, რომ კარგად გავიცანი ლევანი, მოიტანა დრომ.“

მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:

„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. ​მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."

რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად