Baby Bag

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდისას ჰუმანური მიდგომების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში ეს გზა ჩადებულია და თუ იმას ყველაფერი შეუძლია, მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს სახლში, სკოლაში? ბრძანებებით? თანასწორობით! მე დიდი ვარ, ის პატარაა, მინდობილია დიდზე, მაგრამ არც უნდა ვაგრძნობინოთ ეს ბავშვს, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. აი, სად ვბორძიკობთ ჩვენ. უნდა გაუტოლო ბავშვს თავი!“

„ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში. თუ გაიგო, მერე გაკეთება არ უნდა. პედაგოგიკა კეთებაში იწყება, არა ცოდნაში. ცხოვრება სიბრიყვეებს, სისულელეებს გვთხოვს ხშირად, რომ გავაკეთოთ. ვაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ვიცით, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არ გვაქვს, ან გვაქვს უარყოფითი. განა თქვენმა გულმა არ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი?! თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან. მამას არ აქვს ეს სიბრძნე აღზრდისა. მას მერე გამოცდილებაში მოუვა ეს სიბრძნე, დედას კი დაბადებიდან დაჰყვება, მაგრამ ეს სიბრძნე გაეხსნება იმას, ვისაც უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა. ვისაც არ უნდოდა შვილი ჰყოლოდა, წუხდა, მაგრამ ბავშვი მაინც დაიბადა, იმას გადაეკეტა გზა თავისი სიბრძნის. მერე უნდა ირბინოს, ეხვეწოს, იკითხოს ბევრგან როგორ გაზარდოს შვილი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენთან ახლოს იყოს ღმერთი და თქვენი ხელი ეჭიროს უფალს,“ - პატრიარქის მიმართვა ბავშვებს

„თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენთან ახლოს იყოს ღმერთი  და თქვენი ხელი ეჭიროს უფალს,“ - პატრიარქის მიმართვა ბავშვებს

​​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბავშვებს მიმართავს და ურჩევს, რომ მათ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ყოველდღიურად იგრძნონ ღმერთთან სიახლოვე:

„წლების განმავლობაში ვგრძნობდი ერთ რამეს, მე ვგრძნობ დღესაც, რომ მე ვარ პატარა ბავშვი, არაფერი არ მესმის, ღმერთს უჭირავს ჩემი ხელი და დამატარებს ქვეყანაზე. მე ვგრძნობ ამ სიახლოვეს უფლისას. თქვენც უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენთან ახლოს იყოს და თქვენი ხელიც ეჭიროს უფალს.“

ილია მეორე სამ დიდ საუნჯეზე საუბრობს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია:

„სამი დიდი საუნჯე გააჩნია საქართველოს, ეს არის: ღმერთი, ღმერთის რწმენა, ეს არის სამშობლო და ეს არის ადამიანი. ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით ჯვარი: მაღლა ღმერთი და დაბლა ადამიანი, რწმენა და სიყვარული ღმერთის და ​სიყვარული ადამიანის. ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ.“

პატრიარქი ბავშვობას იხსენებს და აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად მშობლების გაბედნიერება და მათი გახარება ეოცნებებოდა:

​ჩემი მთავარი სურვილი და ოცნება სკოლის ასაკიდან იყო ის, რომ მესიამოვნებინა მშობლებისთვის, მათთვის სასიხარული რამ გამეკეთებინა. მე მშობლები მუდამ მლოცავდნენ. ერთხელ მამაჩემს ვკითხე, ლოცულობ-მეთქი ჩემთვის. მამამ მითხრა, სულ ამას როგორ მეკითხები, სხვებს რომ ერთხელ ვიხსენიებ, შენ ათჯერ გახსენებო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ხედავს ჩვენს გულს. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის სახეს, ღმერთი კი ხედავს გულს. „გული წმინდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.“ გული უნდა ჰქონდეს სუფთა ადამიანს.“

„ჩემი წინაპარი იყო დიდი ადამიანი შიოლა ღუდუშაური. შიოლას დედას ეძახდნენ მეფიანთ ქალს, სამეფო გვარიდან იყო. იმათი ღვთის წინაშე ლოცვით ვარ მე, რაც ვარ. ერთი ვიცი, რომ მე ცოდვილი ვარ, მაგრამ მე ღვთისა ვარ. როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: „შენი ვარ და ვცხონდე მე,“ ე.ი. შენი ვარ, ცოდვილი ვარ და ვცხონდე მე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მე არაერთხელ მითქვამს, ახლაც გეუბნებით, ყოველ დღე მიდით მშობლებთან და უთხარით: „დედა, მამა დამლოცე!“ ხელზე აკოცეთ მშობელს. ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე,“ - აცხადებს პატრიარქი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად