Baby Bag

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდისას ჰუმანური მიდგომების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში ეს გზა ჩადებულია და თუ იმას ყველაფერი შეუძლია, მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს სახლში, სკოლაში? ბრძანებებით? თანასწორობით! მე დიდი ვარ, ის პატარაა, მინდობილია დიდზე, მაგრამ არც უნდა ვაგრძნობინოთ ეს ბავშვს, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. აი, სად ვბორძიკობთ ჩვენ. უნდა გაუტოლო ბავშვს თავი!“

„ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში. თუ გაიგო, მერე გაკეთება არ უნდა. პედაგოგიკა კეთებაში იწყება, არა ცოდნაში. ცხოვრება სიბრიყვეებს, სისულელეებს გვთხოვს ხშირად, რომ გავაკეთოთ. ვაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ვიცით, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არ გვაქვს, ან გვაქვს უარყოფითი. განა თქვენმა გულმა არ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი?! თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან. მამას არ აქვს ეს სიბრძნე აღზრდისა. მას მერე გამოცდილებაში მოუვა ეს სიბრძნე, დედას კი დაბადებიდან დაჰყვება, მაგრამ ეს სიბრძნე გაეხსნება იმას, ვისაც უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა. ვისაც არ უნდოდა შვილი ჰყოლოდა, წუხდა, მაგრამ ბავშვი მაინც დაიბადა, იმას გადაეკეტა გზა თავისი სიბრძნის. მერე უნდა ირბინოს, ეხვეწოს, იკითხოს ბევრგან როგორ გაზარდოს შვილი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ვაქცინა ძალიან სუფთა ვაქცინაა. ერთადერთი საეჭვო ელემენტი, რომელიც მასში შედის არის პოლისორბატი,“- ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია

„ეს ვაქცინა ძალიან სუფთა ვაქცინაა. ერთადერთი საეჭვო ელემენტი, რომელიც მასში შედის არის პოლისორბატი,“- ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა დავით თელიამ კოვიდ-19-ის ვაქცინებში შემავალი ალერგენების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით აღნიშნული ვაქცინები ძალიან სუფთაა:

„ეს ვაქცინა ძალიან სუფთა ვაქცინაა ამ თვალსაზრისით. ერთადერთი საეჭვო ელემენტი, რომელიც მასში შედის არის პოლისორბატი. პოლიეთილენ გლიკოლი შედის ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინაში, ხოლო პოლისორბატი - ასტრაზენეკაში. ​პოლისორბატია ერთადერთი კომპონენტი, რომელიც გამოიხატება ალერგიულობით.“

დავით თელიამ ის პროდუქტები დაასახელა, რომლის შემადგენლობაში პოლისორბატიც შედის:

„პოლისორბატი არის სტაბილიზატორი. ვაქცინაში შესულია იმიტომ, რომ მან მოახდინოს სტაბილიზაცია. ​პოლისორბატი გამოიყენება კვების მრეწველობასა და ფარმაცევტულ მრეწველობაშიც. ის შედის საკმაო რაოდენობით ნაყინში, იმისთვის, რომ ნაყინი ძალიან ნელა გადნეს.“

„პოლისორბატი შედის კოსმეტიკურ საშუალებებში. სხვათა შორის, კბილის პასტებშიც შედის. საცხებ საშუალებებშიც შედის, შედის ემულსიებში, სტეროიდულ ემულსიებში, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვიყენებთ. ​თუ ადამიანს უხდება ასეთი ვაქცინის ან პრეპარატის მიღება, რომელშიც შედის ეს დანამატები, ადამიანი სენსიბილიზებულია ამის მიმართ და ის მომენტალურად იწყებს რეაგირებას,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად