Baby Bag

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებს შორის კონფლიქტის აცილების გზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ მშობელმა ბავშვები ერთმანეთს არ შეადაროს. ვინ უფრო გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა, ვინ ვის უნდა დაუთმოს, ეს შეფასებები ბავშვებს არ უნდა გავუკეთოთ ჩვენ. არ ივარგებს დიდს ვთხოვოთ, რომ სულ დაუთმოს. პატარას კი უნდა ვთხოვოთ, რომ მოუსმინოს უფროსს, უფროსია ის, იცის რაღაცები. დიდი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ პატარას აღზრდაში. ცალკე უნდა ესაუბროთ უფროსს. უნდა უთხრათ: „ის ჯერ გამოუცდელია, შენ დიდი ხარ. შენ ეს იცი, ის იცი. დაგვეხმარე, რომ ჩვენ ეს პატარა აღვზარდოთ.“ ნელ-ნელა ვასწავლოთ, როგორ დაგვეხმაროს, ყურადღებიანი იყოს, დამთმობი იყოს, დაიცვას ის, ეთამაშოს მას.

„თუ უფროსს გამოუვა და კარგი გამოუვა უმცროსის მიმართ, უნდა გავაზვიადოთ და უთუოდ მადლობა ვუთხრათ უფროსს. მადლობა ვუთხრათ ძილის წინ. მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა. ეს იშვიათი მომენტია ძილის წინ დასარიგებლად, გზაზე დასაყენებლად, მადლობის გადასახდელად, რაღაცის თხოვნა რომ გვინდა ბავშვისთვის. ძილის წინ მიუჯდეს დედა, მამა, უთხრას ბავშვს: „შვილო, მადლობა, რომ დღეს ასე დაგვეხმარე. მადლობა, რომ კარგად მოექეცი შენს ძმას, დიდი მადლობლები ვართ ამისთვის.“ მშობელმა უნდა დაარწმუნოს, რომ მან რაღაც გააკეთა. ეს მისი თვითშეფასება იქნება. პატარასაც თავისი უნდა ვუთხრათ, რომ გაუგონა, დაუჯერა უფროსს. ეს კარგი იყო ძალიან. მადლობა გამოუცხადეთ ბავშვს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს და იყვნენ ჯენტლმენები,“- ანუკი არეშიძე ბავშვის აღზრდის შესახებ

„ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს და  იყვნენ ჯენტლმენები,“- ანუკი არეშიძე ბავშვის აღზრდის შესახებ

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ შვილებთან ურთიერთობისა და მათი აღზრდისას გამოყენებული მიდგომების შესახებ ისაუბრა:

„ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც დედობას ახლავს თან არის პასუხისმგებლობა. რთულია ოთხი ბიჭის, გოგოს გაზრდა, აღზრდა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვებს მაინც ქალები ვზრდით და დიდ დროს ვატარებთ შვილებთან. ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს, რომ უნდა იყვნენ ჯენტლმენები, რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება, არც ფსიქოლოგიური, მით უმეტეს, არც ფიზიკური, რომ ვინც ამას აკეთებს, ისინი სუსტები არიან.“

ანუკი არეშიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები კარგ ადამიანებად აღიზარდონ:

„მინდა, რომ პირველ რიგში, კარგი ადამიანები იყვნენ. განათლების კუთხითაც ბავშვებს მარტო კვირა დღე აქვთ თავისუფალი. წრეებზე დადიან, ენებს სწავლობენ, მათემატიკას. ძალიან დატვირთულები არიან. ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ არამარტო ბავშვების, არამედ საზოგადოების წინაშეც.“

„ბავშვის აღზრდაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. მაინც მივდივართ იქამდე, რომ ყველაზე დიდი, რაც დედას შეუძლია, რომ ბავშვს აჩუქოს, არის სიყვარული. თუ ბავშვი არის სიყვარულით აღზრდილი და მაქსიმალურად შეგიძლია დღეში თუნდაც ორი საათი ხარისხიანად დახარჯო შენს შვილებთან, აუცილებლად სამომავლოდ ძალიან კარგად დაგხვდება წინ. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილების თაობას აკლია სიყვარული. ამ ტელეფონებმა, სოციალურმა ქსელებმა დახურა მათი სივრცე. ეზოს გარემო აღარ არის. გვყავს ძალიან ბევრი ძაღლი. ასე ბავშვები ზრუნვას სწავლობენ. ისიც იციან, რომ ჭიანჭველას მოკვლაც არ შეიძლება. ზოგადად არაფრის მოკვლა და განადგურება არ შეიძლება,“ - აღნიშნა ანუკი არეშიძე.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად