„დღევანდელი ბავშვები სათამაშოებს და წიგნებს არჩევენ კომპიუტერს. რა ვქნათ?! ეს მოიტანა ამ ტექნოლოგიურმა ცივილიზაციამ, გაჯეტების არსებობამ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უამრავი პრობლემა წამოვიდა ამ ჰიპოდინამიური ცხოვრების გამო. ბავშვები არ მოძრაობდნენ, არ დარბოდნენ, ეზოში არ გადიოდნენ. ყაბზობა იყო სერიოზული პრობლემა. ბევრი ბავშვი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო დღესაც ფსიქოლოგთან დადის.“
ინგა მამუჩიშვილმა მშობლებს ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის რეგლამენტირება ურჩია:
„ძალიან მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ იქნებ მოახდინონ დროის რეგლამენტირება. მე ხშირად ვხედავ, რომ მშობლები ოთხი თვის ბავშვს აყურებინებენ ეკრანს, რომ ის გაჩერდეს. ეს არის დათვური სამსახური და მავნე ჩვევა. ორ წლამდე ასაკის ბავშვი საერთოდ არ უნდა ხედავდეს ეკრანს. 2-დან 4 წლამდე ბავშვი შეიძლება კომპიუტერის ეკრანთან დროის განაწილებით ერთი საათის განმავლობაში იყოს. კეთილი, კარგი მულტფილმები ვაჩვენოთ ბავშვს, რომელიც არ აღაგზნებს ნერვულ სისტემას.“
„4 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის შეიძლება საათ-ნახევარი განაწილებული დროით. 6-დან 9 წლამდე ბავშვი შეიძლება ორი საათის განმავლობაში იჯდეს. ეს დრო უნდა განაწილდეს. ერთბაშად ორი საათის განმავლობაში ჯდომა ეკრანთან არ შეიძლება,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო „იმედი“