Baby Bag

„ერთი ძუძუთი გავზარდე 11 შვილი... დედის დაძახება ყველაზე ძვირფასია,“ - გაიცანით გმირი დედა ათინა მახარაძე

„ერთი ძუძუთი გავზარდე 11 შვილი... დედის დაძახება ყველაზე ძვირფასია,“ - გაიცანით გმირი დედა ათინა მახარაძე

82 წლის ათინა მახარაძემ, რომელიც 11 შვილის დედა და 56 შვილიშვილის ბებიაა, შვილები ერთი მკერდით გაზარდა. წარსულში სამკურნალო საშუალებების არარსებობის გამო, ის ერთი მკერდის გარეშე დარჩა, თუმცა გმირი დედისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ შვილები საკუთარი რძით გამოეკვება:

„მე ვარ მახარაძე ათინა, დავიბადე 1940 წელს. ვარ გმირი დედა. ერთი ძუძუთი გავზარდე 11 შვილი. ადრე არ იყო ახლა რომ არის მკურნალობა. არ იყო ისეთი მკურნალობა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. ერთი ძუძუთი გავზარდე ყველა. სოსკა მე არ დამიკავებია.“

„დედის დაძახება ყველაზე ძვირფასია. შვილი რომ დედას დაგიძახებს, ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნულ საკითხზე ათინა მახარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„საქართველოს პირველი არხი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქცევას აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია და ხშირად ეს ფუნქციები გადაფარავს ერთმანეთს,“ - მედეა ზირაქაშვილი

„ქცევას აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია და ხშირად ეს ფუნქციები გადაფარავს ერთმანეთს,“ - მედეა ზირაქაშვილი

​​ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის ქცევის ფორმირების მნიშვნელოვან ასპექტებსა და ქცევის ძირითად ფუნქციებზე ისაუბრა. მან ქცევის ფორმირებაში გარემოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევის ფორმირებისთვის არის ის გარემო და დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ბავშვის მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ არამხოლოდ გარემოს შესახებ ინფორმაცია, არამედ ვიცოდეთ, რას მოითხოვს ქცევით ბავშვი. ქცევას აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია. ხშირად ეს ფუნქციები გადაფარავს ერთმანეთს.“

მედეა ზირაქაშვილის თქმით, ქცევის ერთ-ერთი ფუნქცია გარკვეული მდგომარეობისთვის თავის არიდებაა:

„პირველი, რასაც ხშირად იყენებს მცირე ასაკის ბავშვი, ეს გახლავთ თავის არიდება არსებული სიტუაციიდან. ხშირად ბავშვებს არ უყვართ კვება. თუ ბავშვი თეფშს აიღებს, გადააბრუნებს, ძირს დააგდებს და მშობელი ეტყვის: „​როგორ ცუდად მოიქეცი, აღარ მიიღებ საკვებს,“ ამით მშობელი განუმტკიცებს ბავშვს ქცევას. ის ყოველთვის გადმოაბრუნებს თეფშს, სანამ მშობელი არ მიხვდება, რომ ის უბიძგებს ბავშვს იმ ქცევისკენ, რომელიც მისთვის არასასურველია. კიდევ ერთი ფუნქცია, რაც ხშირად გვხვდება არის ყურადღების მიქცევის მიზნით გარკვეული ქცევის განხორციელება. ძალიან ხშირად, როდესაც იბადება დედმამიშვილი, მშობელი ამბობს, რომ დაირღვა ბავშვის ქცევა, გახდა აგრესიული. შეიძლება ამ დროს ჩამოყალიბებულმა ტუალეტის ჩვევამ რეგრესი განიცადოს. ბავშვი ცდილობს მოიქცეს ჩვილივით, რადგან ყოველთვის აქცევენ ყურადღებას.“

„ქცევის მესამე ძირითადი მიზანი გახლავთ სასურველი საგნის მიღება. ეს ძალიან ხშირად გვხვდება ბაღის გარემოში. თუ ბავშვი ერთხელ შეძლებს, რომ აგრესიით, მუჯლუგუნით მოიპოვოს სათამაშო, ის მიხვდება, რომ აქვს კარგი გზა სასურველის მისაღებად. მეოთხე ფუნქცია არის აუტოსტიმულაციური ქცევა. ეს ძალიან პრობლემურია და მომართვიანობა ამასთან დაკავშირებით ხშირად არის. ეს უფრო ბავშვის შინაგანი ემოციური მდგომარეობიდან მოდის. მცირე ასაკში არის სექსუალური თვითსტიმულაცია ბავშვების, რაც ​მშობლებისთვის ძალიან შემაშფოთებელია. ამ შემთხვევაში ბავშვს თუ შევთავაზებთ გაცილებით საინტერესო აქტივობას, გაცილებით საინტერესო საგანზე გადავრთავთ მის ყურადღებას, მას ამისთვის დრო არ დარჩება. ეს პრობლემა ორი წლიდან ყველაზე აქტუალურია. 5 წლამდე, როგორც წესი, ინტენსივობამ უნდა მოიკლოს,“ - აღნიშნულ საკითებზე მედეა ზირაქაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად