Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს - რა არის გამოსავალი?

,,მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს, ამიტომ ხშირად იხედებიან მათკენ, ყურადღებას ადუნებენ საჭესთან, რაც სახიფათოა'' - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მშობლები საჭესთან ყურადღებას ადუნებენ, ისინი სამგზავრო სავარძელს ამონტაჟებენ მოძრაობის მიმართულების თანახმად, რათა დაინახონ ბავშვი, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვის მოძრაობის მიმართულებით მოთავსება არ არის უსაფრთხო:

,,2 წლამდე ბავშვი უნდა მგზავრობდეს მოძრაობის საპირისპიროდ, რათა დაცული იყოს მისი ხერხემალი, თავი და კისერი. ამ პოზიციაში მგზავრობა 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოძრაობის მიმართულებით მგზავრობა. მგზავრობისას მშობლებს შეუძლიათ, გამოიყენონ უსაფრთხო სარკე, რომელიც უნდა შედგებოდეს სპეციალური, უსაფრთხო მასალისგან, რომელიც შეჯახების დროს ზიანს არ მოუტანს ბავშვს. აუცილებლად იკითხეთ ტესტირებულია თუ არა სარკე, მოითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა დარწმუნდეთ ამაში,'' - აღნიშნა ლანა გიორგიძემ. 

წაიკითხეთ სრულად