Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველ ლუკმაზე დიდი რაოდენობით წყლის დაყოლება არ არის სწორი გადაწყვეტილება,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

„ყოველ ლუკმაზე დიდი რაოდენობით წყლის დაყოლება არ არის სწორი გადაწყვეტილება,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ კვების დროს წყლის სწორად მიღების წესებზე ისაუბრა:

„ჭამის დროს წყლის მიღება შეიძლება, მაგრამ გააჩნია როგორ და გააჩნია ვისთვის. უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანები ვართ განსაკუთრებულები და ჩვენს განსხვავებულობას აქვს ხიბლი. ჩვენ კვების ჩვევაც განსხვავებული გვაქვს და საკვების მიღების წესიც განსხვავებული გვაქვს, წყალიც განსხვავებულად გვჭირდება.

კვებამდე 15-20 წუთით ადრე წყლის მიღება არის კარგი არჩევანი. როდესაც ვლაპარაკობთ კვების მოწესრიგებაზე, ეს არის სიგნალი ორგანიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რომ „მე მოვდივარ.“ ეს არის შემზადება ყველანაირი თვალსაზრისით. კუჭის სავსეობის ეფექტი არის 15-20 წუთი. მერე ეს წყალი შეიწოვება და ეს ეფექტი დამთავრებულია.

როდესაც ვლაპარაკობთ საკვებთან დაკავშირებით, მივირთმევ საკვებს და მწყურია, ყოველ ლუკმას როდესაც აყოლებენ წყალს, ეს არის სპეციალური წვრთნა კუჭის ტევადობის გასაზრდელად. ბურგერების კონკურსი რომ არის, წინასწარ ასე ემზადებიან, რომ გაზარდონ კუჭი. ყოველ ლუკმაზე დიდი რაოდენობით წყლის დაყოლება არ არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭამის პროცესში მე არ დავლიო წყალი. მე დავასრულე კვება, ბოლო ლუკმა მივირთვი და დავაყოლე წყალი, აქაც არის გამონაკლისები. არიან ადამიანები, რომლებმაც არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, მაგალითად, ვისაც აქვს რეფლუქსი,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“


წაიკითხეთ სრულად