Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

10 ლიდერი პროდუქტი ბავშვის მეხსიერების განვითარებისთვის - ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაცია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის მეხსიერების განვითარებისთვის 10 საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„რა სჭირდება ბავშვის ტვინის განვითარებას და ბავშვის მეხსიერების განვითარებას? ბავშვის მეხსიერებას სჭირდება ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, სხვადასხვა ვიტამინი, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინები, A ვიტამინი, D, C ვიტამინები, რკინა, თუთია, მაგნიუმი, სელენი და ა.შ.

წყლის მოხმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავის ტვინისთვის, რადგან ტვინის დიდი ნაწილი, 70%-ზე მეტი არის წყალი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნაწლავის კეთილდღეობა განსაზღვრავს ჩვენს გუნება-განწყობას და ტვინის აქტივობის დონეს, აქედან გამომდინარე, მოვუწესრიგოთ ჩვენს შვილებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იმისთვის, რომ მათი ტვინი მუშაობდეს გამართულად.

10 პროდუქტს დავასახელებ, რომელიც დაასახელეს მეცნიერებმა, ეს არის თევზეული, კვერცხი, თხილეული, სხვადასხვა თესლი, კენკროვანი მცენარეები, განსაკუთრებით ლურჯი მოცვი, მწვანე ჩაი, მწვანე ბოსტნეული, ციტრუსები, შავი შოკოლადი და საგანგებოდ უნდა გამოვყო სუნელ-საკაზმი, განსაკუთრებით კურკუმის შემცველი ტურმენიკი, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს ნერვულ უჯრედებზე და მეხსიერებას ეხმარება. ეს პროდუქტები არის კონკრეტული კვლევების შედეგად დასახელებული და არის ლიდერი პროდუქტები. ამ პროდუქტებზე დადარაჯება და შერჩევითად მხოლოდ ამ პროდუქტების ჩართვა რაციონში არ იქნება სწორი. ყველაფერი ინდივიდუალურია და ბავშვის მეხსიერებაც სხვადასხვა რეცეპტით მიწოდებულ საკვებს მოითხოვს.

მშობელი, შესაძლოა, ნერვიულობს: „ბავშვი არ იღებს ლურჯ მოცვს და დავიღუპეთ, მეხსირება არ განვითარდება, არ იღებს თევზს და დავიღუპეთ, არ განვითარდება მეხსიერება.“ სინამდვილეში ასე არ არის, იმიტომ, რომ თავის ტვინს, ისევე როგორც მთლიან ორგანიზმს სჭირდება ყველა ჯგუფის პროდუქტი. ეს არის 5 ჯგუფის სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი. დღიური რაციონის გადანაწილება უნდა მოხდეს ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულ-ბურღულეულის, ცილოვანი კომპონენტის და ბავშვების შემთხვევაში რძის ნაწარმის გათვალისწინებით,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად