Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით, რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში, მით უფრო ეფექტიანია,“ - ოკუპაციური თერაპევტი

ოკუპაციური თერაპევტი ნინო ჭუმბურიძე „სხვა შუადღეში“ ფუნქციური თამაშების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:

„ნებისმიერ შემთხვევაში, ტიპური განვითარების თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან, აუცილებელია შეგრძნებების სტიმულაცია. ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით. რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში, მით უფრო ეფექტიანია ეს პროცესი. აუცილებელია, თითოეული მასალა ფუნქციურად გამოვიყენოთ. ამას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ შეხების სახე. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი მოქმედება უნდა იყოს აქტივობის ნაწილი. ეს არის ოქროს წესი. მოქმედება უნდა იყოს მიზანმიმართული და ფუნქციური. რას ვგულისხმობთ ამაში? თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვმა რომელიმე ნივთი ან სათამაშო, შესაძლოა, გამოიყენოს და მერე მობეზრდეს. თუ თამაშს ფუნქციურ სახეს მივცემთ, ეს არ მოხდება. თუ ბავშვი თამაშობს წიწიბურაში ან ქვიშაში, მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ სხვადასხვა ფიგურები მოხაზოს. ამ დროს ის იღებს ორ შეგრძნებას: ეხება წიწიბურას, იჭერს ხელში და ა .შ. თამაშისას ბავშვი პინცეტისებურ ჩაჭიდებებს აკეთებს. ამ შემთხვევაში წერისთვის მზაობაზეც შეგვიძლია მუშაობა.“

„წიწიბურით თამაში, როგორც წესი, ძალიან პატარა ასაკიდან იწყება. ბავშვები ხელებს ყოფენ წიწიბურაში. ჩვენ შეგვიძლია პატარ-პატარა სათამაშოები ჩავუყაროთ შიგნით და წავახალისოთ, რომ იპოვოს. შესაძლებელია, რომ წიწიბურა უბრალო ბუშტში მოვათავსოთ და ბავშვმა სხვადასხვა შეგრძნებები მიიღოს.“ - აღნიშნავს ნინო ჭუმბურიძე.

წაიკითხეთ სრულად