Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„7-8 წლამდე მნიშვნელოვანია თამაში, ამ ასაკში ბავშვი და მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა ვითარდება თამაშით,“ - ბავშვთა ორთოპედი ნინო ჭოლოკავა

ბავშვთა ორთოპედი ნინო ჭოლოკავა ბავშვებში ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის მოძრაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია:

„თუ ვილაპარაკებთ ძვალზე და ძვალ-სახსართა სისტემის ჯანმრთელობაზე, ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს: თვითონ პიროვნება, მისი კვების რეჟიმი, მიდრეკილებები, ცხოვრების სტილი. ეს, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში, იმიტომ, რომ მან ძირითადი დეპოზიტი უნდა შექმნას თავიდანვე მინერალური ცვლის, ვიტამინების, პროტეინების. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ზრდისთვის. პანდემიის დროს, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა. იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს და არ გვქონდეს რაიმე პრობლემები ძვალ-სახსართა სისტემასთან დაკავშირებით, უნდა გავიაზროთ, რომ მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სისტემის სწორი ჩამოყალიბებისთვის.“

ნინო ჭოლოკავა ბავშვებში ეკრანმიჯაჭვულობის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნა ბავშვებს სახსრების პრობლემებს უქმნის:

„პრობლემები წარმოიშვა ეკრანმიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, თუ ბავშვები დღეში 4 საათს ან მეტს ატარებენ ეკრანთან, მათ 65 %-ს აღენიშნება სახსრის ტკივილები, ჩივილები, რომელსაც შემდგომ მკურნალობა სჭირდება. მშობელმა თავიდანვე უნდა გაიაზროს, რომ როდესაც იზოლაციაში ან შეზღუდვის რაიმე ფორმაზე გადავდივართ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ვარდება აქტივობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გავდივართ სადარბაზოდან, მივდივართ ლიფტთან, გაჩერებაზე, მაღაზიაში. ამ ყველაფერს არ ვაქცევთ ყურადღებას. ეს მცირე მოძრაობები უმნიშვნელო გვგონია. როდესაც სახლში ვიკეტებით, ეს ფუნდამენტალური ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა დაგეგმონ სწავლის რეჟიმი. ბავშვს ჰქონდეს ხშირი შესვენებები ეკრანთან ყოფნისას. მშობელმა უნდა დაგეგმოს ბავშვის აქტივობა გარეთ, რამდენადაც პანდემია იძლევა ამის საშუალებას.“

„სეირნობა, ველოსიპედით ან ფეხით გასეირნება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ასაკობრივი ჭრილებიც. 7-8 წლამდე მნიშვნელოვანია თამაში. ბავშვს როგორმე მოუწყვეთ სივრცე, სადაც ის ბევრს ითამაშებს. ამ ასაკში ბავშვი და მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა ვითარდება თამაშით. უფრო მოზრდილისთვის ეცადეთ დაგეგმოთ რაიმე სახის სპორტული აქტივობა. სასურველია ამაში მშობელიც ჩაერთოს, რადგან ეს პრობლემა უფროსებისთვისაც მნიშვნელოვანია. მართალია, ბავშვთა ორთოპედი ვარ, მაგრამ ასაკოვან ადამიანებსაც ვურჩევ, დაგეგმონ დრო ისე, რომ დღის განმავლობაში ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას გაისეირნონ. ეს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ნინო ჭოლოკავა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია 

წაიკითხეთ სრულად