Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ არ უყვარს ბავშვს, ნუ აჭმევთ წვნიანს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„თუ არ უყვარს ბავშვს, ნუ აჭმევთ წვნიანს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მოსახლეობაში კვებასთან დაკავშირებით გავრცელებული მცდარი დამოკიდებულებების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლები ხშირად არასწორად თვლიან, რომ მათი შვილი უჭმელია:

​კვებასთან დაკავშირებით ჩვენს მოსახლეობაში ძალიან განსხვავებული აზრია. ამას მე ხშირად „ქართულ სინდრომს“ ვეძახი. ზოგჯერ შეიძლება ერთი წლის ასაკის ბავშვი 16 კილოგრამს იწონიდეს და მშობელმა წამიყენოს პრეტენზია, რომ ჩემი შვილი უჭმელია. შეიძლება ბავშვმა არ ჭამოს პური, არ ჭამოს ტკბილეული. თუ თავიდანვე არ მივაჩვევთ ბავშვს, რომ ტკბილი, შოკოლადი მიიღოს ყოველ დღე და დავუდებთ წინ, ბავშვი ამას არ შეიყვარებს. თუმცა ბავშვი ამის გარეშე არ არსებობს. როგორც წახალისება, შეიძლება, თორემ შევეცადოთ, რომ ტკბილი შევზღუდოთ.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც ცოტას მიირთმევენ, მაგრამ ჯანსაღად იკვებებიან:

„ფუნთუშეული უნდა შევზღუდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ​ჩვენ თავიდანვე უჯრედის მეტაბოლურ ცვლაში ცუდად ვერევით და შეიძლება, რომ შემდგომში უკვე სავალალო შედეგები მივიღოთ ამასთან დაკავშირებით. არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან ცოტას ჭამენ, მაგრამ ჭამენ ძალიან ჯანსაღ საკვებს, იღებენ ხილს, ბოსტნეულს, მცირე რაოდენობით ხორცს, რძის ნაწარმს. მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად იკვებებიან. ვიზუალს რაც შეეხება, მშობლებს ვეუბნები ხოლმე: „შეხედეთ გენეტიკასაც.“ აფასებენ ასე, რომ ჩემი შვილი ძალიან გამხდარია. ამ დროს დედაც და მამაც, ბებიები-ბაბუები ნატიფი აღნაგობის არიან, შესაბამისად იქნება ბავშვიც გამხდარი.“

​მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი. შევეცადოთ, რომ ბავშვი ვკვებოთ სწორად. მივაწოდოთ დღის განმავლობაში სასარგებლო პროდუქტები მცირე-მცირე ულუფებით მაინც. არ არის აუცილებელი, რომ უკან გადმოღვრილი წვნიანი ბავშვს ისევ ჩავასხათ პირში. თუ არ უყვარს ბავშვს, ნუ აჭმევთ ამ წვნიანს. ძალადობა კვებაში არის საშინელება. მყავს 15-16 წლის პაციენტები, რომლებსაც აძალებდნენ წვნიანს 2 წლის ასაკში და ეს ბავშვები ახლაც არ ჭამენ წვნიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ახსოვთ. დაილექა მეხსიერებაში ეს ყველაფერი და წამოვიდა წინა პლანზე. მე არ ვარ წვნიანის წინააღმდეგი არავითარ შემთხვევაში. თუ მიირთმევს ბავშვი, დიდი სიამოვნებით მიირთვას, მაგრამ მე უფრო მომხრე ვარ იმისა, რომ ბავშვმა მიიღოს ცოცხალი სახით ვიტამინები. ხარშვის შედეგად იკარგება ვიტამინური ბალანსი და ცოცხალ ბოსტნეულსა და ხილში უფრო მეტია,“ - აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად