Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კატეგორიულად ვკრძალავთ დატკბილული სითხეების ღამით გამოყენებას,“ - ქეთევან გოგილაშვილი

„კატეგორიულად ვკრძალავთ დატკბილული სითხეების ღამით გამოყენებას,“ - ქეთევან გოგილაშვილი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი მითი არსებობს, რომელსაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს:

„არსებობს ბევრი მითი, მაგალითად ის, რომ ​ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი. მე პირიქით გეტყვით, რომ ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები პირდაპირ აისახება პირის ღრუზე, ხელს უწყობს ნადების გაჩენას, ასევე ანთებითი პროცესის განვითარებას. ამან შემდეგ უკვე შეიძლება ნაყოფის განვითარებასაც შეუქმნას საფრთხე. ასევე ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესები გარდატეხის პერიოდში. პირის ღრუს ჰიგიენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.“

ქეთევან გოგილაშვილის თქმით, ბავშვის პირის ღრუს მოვლა პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დაიწყოს:

„პირველ კბილსაც კი, რომელიც ამოიჭრება, მოვლა უნდა. იმ პირველ კბილს თავისი მოვლის წესები აქვს. ​კატეგორიულად ვკრძალავთ დატკბილული სითხეების ღამით გამოყენებას. ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ წყალი. ნახშირწყლები და მჟავეები არის იდეალური საშუალება, რომ პირის ღრუში განვითარდეს კარიესი. ამას უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, რომ დატკბილული სითხეები ღამე არ უნდა მიიღოს. შემდეგ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ამ კბილების მოვლა.“

ქეთევან გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის საღეჭი რეზინია სასარგებლოა, თუ მას ზომიერად მოვიხმართ:

„საღეჭ რეზინს ძალიან კარგი, დადებითი თვისება აქვს ის, რომ ნერწყვის სტიმულაციას ახდენს. განსაკუთრებით სასარგებლოა საკვების მიღების შემდეგ. როდესაც ნერწყვი უხვი რაოდენობით გამოიყოფა, ხდება ჩამორეცხვა და გაწმენდა, მაგრამ მხოლოდ 10-15 წუთი. ამის შემდეგ უკვე საღეჭი რეზინი ატყუებს კუჭს, რადგან ღეჭვის დროს აუცილებლად საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა. საკვების შემდეგ პირიქით, სასარგებლოც არის საღეჭი რეზინის გამოყენება.“

„როგორც წესი, ​კბილების გამოხეხვა აუცილებელია დილას და საღამოს. ძალიან დიდი რაოდენობით, მრავალჯერაც არ შეიძლება, თუმცა დილას და საღამოს აუცილებლად. კბილს აქვს 5 ზედაპირი და ყველა ზედაპირის გაწმენდა უნდა მოხდეს. ჩვეულებრივი ჯაგრისით მხოლოდ ის ზედაპირები იწმინდება, რომლებიც ჩანს. კბილთაშორისი სივრცე რჩება ისე. კბილთაშორის ზედაპირებზე შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ნადები. არსებობს კბილთაშორისი სპეციალური ჯაგრისები, რომლებიც სპეციალურად უნდა შეირჩეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთევან გოგილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად